თბილისის მერია

სამშენებლო სამართალდამრღვევთათვის გადაწყვეტილების ჩაბარების ახალი წესი ამოქმედდება

თბილისის მერია

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, სამშენებლო სამართალდამრღვევთათვის გადაწყვეტილების ჩაბარების ახალი წესი ამოქმედდება. კალაძემ განმარტა, რომ აქამდე ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების ჩაუბარებლობა პრობლემას წარმოადგენდა, რადგან კანონდამრღვევები ხელოვნურად აბრკოლებდნენ აღსრულების პროცესს. 

ახალი წესით, გადაწყვეტილება საფოსტო გზავნილით გაიგზავნება საჩივრის ავტორის მიერ მითითებულ მისამართზე. ასევე, იმ შემთხვევაში, თუ სამშენებლო სამართალდამრღვევი ვერ ან არ ჩაიბარებს ადმინისტრაციული საჩივრის საფუძველზე მიღებულ გადაწყვეტილებას, ეს გადაწყვეტილება განთავსდება, როგორც სამშენებლო ობიექტზე, ასევე ვებგვერდზე – decisions.tbilisi.gov.ge.

კალაძის განმარტებით, სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე განთავსებიდან და მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე ატვირთვიდან მეშვიდე დღეს გადაწყვეტილება სამშენებლო სამართალდამრღვევისთვის გაცნობილად ჩაითვლება.

"სამშენებლო სამართალდამრღვევების მიმართ არაერთხელ გავამკაცრეთ სანქციები, თუმცა, ამის მიუხედავად, დღემდე პრობლემას წარმოადგენდა ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების ჩაუბარებლობა. კანონდამრღვევები, რომლებმაც კარგად იცოდნენ, რომ დარღვეული აქვთ კანონი და მათი სასარგებლო გადაწყვეტილება არც ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში იქნებოდა გამოტანილი, ხელოვნურად აბრკოლებდნენ გადაწყვეტილებების ჩაბარებას, არ იბარებდნენ სპეციალურად, რაც აფერხებდა აღსრულებას". – თქვა კახა კალაძემ.

კომენტარები