თსუ

თსუ-ს სტუდენტები: იმედმა გვითხრა, თუ ოპოზიციის ბრალს ვახსენებდით, სიუჟეტს გააკეთებდნენ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობა ახალ განცხადებაში წერს, რომ მათ ტელეკომპანია იმედის ჟურნალისტი დაუკავშირდა, რომელმაც ოპოზიციის ბრალეულობის გამოკვეთის სანაცვლოდ, სტუდენტურ მოძრაობას "ხანგრძლივი და პოზიტიური სიუჟეტის" გადაღება შესთავაზა. თსუ-ს სტუდენტები აღნიშნავენ, რომ ისინი რომელიმე პარტიასთან ასოცირებას მკაცრად ემიჯნებიან.

"ალბათ ყველამ იხილეთ დღეს სიუჟეტი ტელეკომპანია "იმედის" ეთერში. მინდა აღვნიშნოთ რამდენიმე საგულისხმო ეპიზოდი:

პირველ ყოვლისა, ჩვენ გვაქვს 4 მოთხოვნა:

1. საერთო საცხოვრებლის მშენებლობა!

2. საგამოცდო ფორმატის ცვლილება!

3. რექტორის არჩევის წესის ცვლილება!

4. ფინანსური გამჭვირვალობა!

სანამ უყურებთ როგორ დგას ბაგების საერთო საცხოვრებლის წინ სტუდენტი და საუბრობს, რომ არც ისე ცუდია, გაიხსენეთ ბაგების საერთო საცხოვრებლის ფოტოები, თუ არ გახსოვთ, თან დავურთავთ პოსტს!

გვინდა ვთქვათ, რომ დაგვიკავშირდა ტელეკომპანია "იმედის" ჟურნალისტი რ.მ. და შემოგვთავაზა, რომ თუ ოპოზიციის ბრალეულობას ვახსენებდით, ჩვენზე გაკეთდებოდა ხანგრძლივი და დადებითი სიუჟეტი.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, ვგმობთ ჩვენს ნებისმიერ პარტიასთან ასოცირებას! პროტესტი არის დამოუკიდებელი და მოტივირებულია იმ გაუსაძლისი პირობებით, რომლებშიც სტუდენტებს უწევთ ცხოვრება!". - წერს სტუდენტური მოძრაობა "ბრძოლა განათლებისთვის" Facebook-ზე.

10 ივნისს აქციის შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნავდა, რომ სტუდენტთა პროტესტმა ძალადობრივი ფორმა მიიღო, სტუდენტებმა ფიზიკური ზეწოლით რექტორატი დაიკავეს, რის შედეგადაც თანამშრომლები დაშავდნენ, მათ შორის 4 კლინიკაში გადაიყვანეს.

თსუ-ში სასწავლო პროცესი 13 მაისიდან შერეული ფორმატით მიმდინარეობს, გამოცდები დასწრებით ფორმატში ტარდება. თბილისთან ერთად გაიხსნა ორი რეგიონული საგამოცდო ცენტრი ბათუმსა და ქუთაისში, ხოლო საერთო საცხოვრებლები საგამოცდო პერიოდში უფასო გახდა.

თავდაპირველად უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, რომ პანდემიის დაწყების შემდეგ პირველად, 2022 წლის 2 მაისიდან აუდიტორიული სწავლება განახლებულიყო. უნივერსიტეტის სტუდენტებმა გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად აქციები გამართეს. ისინი ამბობდნენ, რომ ბინების ფასმა მოიმატა და მცირე დროში ასევე მცირე პერიოდით საცხოვრებლის ქირაობას ვერ ახერხებდნენ. 

სტუდენტების პროტესტისა და განათლების სამინისტროს მოწოდების შემდეგ უნივერსიტეტი სწავლის ჰიბრიდულ მოდელზე გადავიდა, ხოლო გამოცდები დასწრებითი ფორმით დაიგეგმა.

კომენტარები