დასავლეთ ბალკანეთი-ევროკავშირი

ოლაფ შოლცი EU-სა და დასავლეთ ბალკანეთის ლიდერების სამიტის წინ, ბალკანეთში გაემგზავრება

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი და კოსოვოს პრემიერმინისტრი ალბინ კურტი
REUTERS/Hannibal Hanschke

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი 10 ივნისს დასავლეთ ბალკანეთში ორდღიან ტურზე გაემგზავრება. მთავრობის ცნობით, ვიზიტის მიზანი ევროკავშირში გაწევრიანების ხანგრძლივი კამპანიის გააქტიურება, რეგიონული დაძაბულობის განმუხტვა და ისეთი კონკურენტული ძალების გავლენის თავიდან აცილებაა, როგორიც რუსეთია. 

რუსეთის უკრაინაში შეჭრამ მონტენეგროსთან, სერბეთთან, ალბანეთთან, ჩრდილოეთ მაკედონიასთან, ბოსნია-ჰერცეგოვინასა და კოსოვოსთან ევროკავშირის სასწრაფოდ დაახლოების აუცილებლობა გააჩინა - იქნება ეს სრული წევრობისა თუ ალტერნატიული თანამეგობრობის გზით. 

გერმანიის კანცლერის დასავლეთ ბალკანეთში ვიზიტი ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ტურის შემდეგ და 23 ივნისს ევროკავშირისა და დასავლეთ ბალკანეთის ლიდერების სამიტის წინ მოხდება. 

ექსპერტების აზრით, ბოლო დროს ბალკანეთში გადაუჭრელმა კონფლიქტებმა ახალი დაძაბულობა გამოიწვია, როგორიცაა პრორუსი ბოსნიელი სერბების სეპარატისტული გეგმები.

"ის ფაქტი, რომ ეს არ მომხდარა [ევროკავშირთან დაახლოება], რეალური პრობლემაა და სხვა ქვეყნების გავლენის ზრდა, როგორებიც ჩინეთი და რუსეთია, ამ პროცესის განუვითარებლობის შედეგია". - თქვა ავსტრიის გრაცის უნივერსიტეტის პროფესორმა და ბალკანეთის ექსპერტმა, ფლორიან ბიბერმა.

კომენტარები