დასავლეთ ბალკანეთი-ევროკავშირი

შოლცი სერბეთს: კანდიდატი ქვეყნებისგან ველით, რომ EU-ს სასანქციო პოლიტიკას შეუერთდებიან

ოლაფ შოლცი

გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის თქმით, მნიშვნელოვანია რუსეთის მიმართ სანქციებისა და უკრაინასთან სოლიდაროის საკითხში ევროკავშირის როგორც წევრი, ასევე კანდიდატი ქვეყნების ერთიანობა. ამის შესახებ შოლცმა ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში ევროკავშირი-დასავლეთ ბალკანეთის სამიტის შემდეგ ისაუბრა.

კერძოდ, შოლმცა სერბეთსა და ბალკანეთის სხვა ქვეყნებს, რომლებსაც ევროკავშირში გაწევრიანება სურთ, მოუწოდა აამოქმედონ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები.

"კანდიდატი ქვეყნებისგან ველით, რომ ისინი ევროკავშირის სასანქციო პოლიტიკას შეუერთდებიან. ეს ეხება სავიზო პოლიტიკასაც, ერთიანი მიდგომა გვჭირდება". - თქვა ოლაფ შოლცმა.

შოლცის თქმით, სამიტზე სანქციებთან დაკავშირებით პოზიციების დაახლოება განიხილებოდა, ამ მხრივ კი ევროკავშირისა და სერბეთის პოზიციები განსხვავდება.

სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა კი ზემოხსენებულთან დაკავშირებით ხაზგასმით აღნიშნა, რომ სერბეთი დამოუკიდებელი ქვეყანაა, რომელიც გადაწყვეტილებებს თავად იღებს.

"სერბეთის მიერ რუსეთის სასარგებლო მოქმედებას ჩვენი ქმედებებით უარვყოფთ. ადვილია გაავრცელო სხვადასხვა სახის ბრალდებები, მცდარი მტკიცებები და ყალბი ინფორმაცია ჩვენი ქვეყნის შესახებ, თუმცა, საბოლოოდ სიმართლე გაიმარჯვებს. სერბეთი დამოუკიდებელი ქვეყანაა, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დგას და ამ გზაზე დარჩება". - თქვა ვუჩიჩმა.

გარდა ამისა, ოლაფ შოლცმა აღნიშნა, რომ ევროკომისიის წინადადება უკრაინისთვის დამატებით 18 მილიარდი ევროს გამოყოფის შესახებ სასწრაფოდ გადასადგმელი ნაბიჯია და რაც შეიძლება მალე უნდა დამტკიცდეს.

"ჩემი პოზიცია ძალიან მკაფიოა, ვისურვებდი ევროკავშირის ყველა, 27-ვე წევრმა მხარი დაუჭიროს ამ წინადადებას. ეს მნიშვნელოვანია უკრაინისთვის და დარწმუნებული ვარ, რომ ამას შევძლებთ". - თქვა შოლცმა. 

კომენტარები