რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინას ისრაელისგან რკინის გუმბათის ყიდვა სურს – ელჩი

რკინის გუმბათის სისტემა მოქმედებაში, 13 მაისი, 2021
The Times of Israel

უკრაინას სურს, რომ ისრაელისგან სარაკეტო თავდაცვის სისტემა, რკინის გუმბათი შეიძინოს. ამის შესახებ ისრაელში უკრაინის ელჩმა, ევგენ კორნიიჩუკმა ისაუბრა.

"მინდა, რომ ისრაელის მთავრობამ დატოვოს კომფორტის ზონა და რეალობას დაუბრუნდეს. ჩვენ გვჭირდება ისრაელის დახმარება. ვგულისხმობ, რომ გვჭირდება სამხედრო-ტექნიკური მხარდაჭერა, ჩვენ გვჭირდება რკინის გუმბათი, რომელიც საშუალებას მოგვცემს გადავარჩინოთ მშვიდობიანი ქალები და ბავშვები რუსული რაკეტებით დაბომბვისგან". – თქვა კორნიიჩუკმა.

ელჩი ამბობს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ამგვარ გარიგებას ხელს არ შეუშლის და აღნიშნავს, რომ ისრაელმა გასულ კვირას უარყო აშშ-ს მოთხოვნა გერმანიის მიმართ, რომ უკრაინისთვის ისრაელის მიერ ლიცენზირებული ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები მიეწოდებინათ.

"დანამდვილებით ვიცი, გასულ კვირას ამერიკელებმა გასცეს ნებართვა ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების გერმანიიდან უკრაინაში გადასატანად, ისრაელმა კი უარი თქვა". – თქვა კორნიიჩუკმა და დაამატა, რომ გერმანიას ნამდვილად სურდა უკრაინისთვის მათი გადაცემა.

ელჩის თქმით, ისრაელი აღარ არის უკრაინის ომზე ორიენტირებული და ქვეყნის პრესიდან თითქმის სრულად არის გამქრალი ომის თემა. კორნიიჩუკი ამბობს, რომ ეს ომის მიმართ ისრაელის ხელისუფლების უკმაყოფილების გამოხატულებაა და მათთვის ამ პროცესის უკანა პლანზე გადაწევა უფრო კომფორტულია.

კომენტარები