რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კალასი: ცეცხლის შეწყვეტა არ ნიშნავს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე სისასტიკე დასრულდება

ესტონეთის პრემიერმინისტრი კაია კალასი

ესტონეთის პრემიერმინისტრი კაია კალასი ამბობს, რომ ნაადრევი მოწოდებები ცეცხლის შეწყვეტასა და მშვიდობაზე სახიფათოა, ვინაიდან ევროპამ მსგავსი შეცდომა საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებით არაერთხელ დაუშვა.

"ძალიან მაწუხებს ნაადრევი მოწოდებები ცეცხლის შეწყვეტასა და მშვიდობაზე, რადგან ცეცხლის შეწყვეტა არ ნიშნავს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე სისასტიკე დასრულდება. ჩვენ უკვე სამჯერ დავუშვით ეს შეცდომა საქართველოში, დონბასსა და ყირიმში - იმავე შეცდომას ვეღარ დავუშვებთ". - აღნიშნავს კალასი.

კაია კალასმა ასევე გააკრიტიკა საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი, რომელიც ვლადიმირ პუტინს უკრაინაში ომის შესაჩერებლად დიპლომატიური გამოსავლის მოძიებისკენ მოუწოდებდა. კალასის აზრით, საფრანგეთის პრეზიდენტის ეს ნაბიჯი, ჰქმნის განწყობას, რომ პუტინი დანაშაულებისთვის პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას შეძლებს. 

"მე მასთან საუბრის აზრს ვერ ვხედავ, თუ ჩვენ გვსურს, ჩვენი გზავნილი იყოს, რომ იგი იზოლირებულია, ის ამისთვის დაისჯება და პასუხს აგებს ჩადენილი დანაშაულებისთვის". - თქვა კალასმა. 

კალასმა აღნიშნა ისიც, რომ რუსეთ-უკრაინის ომისგან გამოწვეული მაღალი ინფლაციისა და ეკონომიკური ზრდის შენელების გამო ევროპული ერთიანობის შენარჩუნება რთულდება. 

"ჩვენ იმ ეტაპზე ვართ, როდესაც სანქციები ჩვენს მხარეს აზიანებს. თავიდან სანქციები რუსეთის დასუსტებისკენ იყო მიმართული, მაგრამ ჩვენ მივდივართ იმ მომენტამდე, როდესაც სანქციები ჩვენი ქვეყნისთვის მტკივნეულია და საკითხავია ის, თუ რამდენი ტკივილის ატანისთვის ვართ მზად. ეს მაჩვენებელი სხვადასხვა ქვეყნისთვის განსხვავებულია. ერთიანობის შენარჩუნება ძალიან რთულია. მაღალი ინფლაციისა და ენერგორესურსების ფასების გამო სიტუაცია სულ უფრო და უფრო რთულდება.

თუმცა, გაზი შეიძლება ძვირი იყოს, მაგრამ თავისუფლება ფასდაუდებელია. თავისუფალ სამყაროში მცხოვრებ ადამიანებს ეს ნამდვილად არ ესმით". - ამბობს კალასი.
 

კომენტარები