რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

სტეფანჩუკი: პუტინთან საუბარი მხოლოდ ომის დასრულებასა და ზიანის ანაზღაურებაზე შეიძლება

რუსლან სტეფანჩუკი
pravda.com.ua

უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარეს, რუსლან სტეფანჩუკს მიაჩნია, რომ საერთაშორისო ლიდერებსა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს შორის მოლაპარაკებების საგანი მხოლოდ ომის დასრულება და უკრაინისთვის ქვეყნის აღდგენისთვის საჭირო თანხის გადახდა უნდა იყოს. ამის შესახებ მან გერმანული გამოცემა Die Welt-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

"პუტინთან საუბარი მხოლოდ ერთი მიმართულებით შეიძლება წარიმართოს. თუ როდის შეაჩერებს ის ამ სისხლიან ომს და როდის მოაგვარებს უკრაინასთან იმ საკითხს, რაც მის მიერ უკრაინისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ეხება. ყველაფერ დანარჩენს ჩვენ ცხადად ვხედავთ, ვხედავთ მის ქმედებებს, ზედმეტი სიტყვები არ გვჭირდება". - ამბობს სტეფანჩუკი.

აგრეთვე, სტეფანჩუკი მიიჩნევს, რომ რუსეთის ფედერაციის ლიდერები საერთაშორისო სასამართლოს წინაშე უნდა წარდგნენ.

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

 

კომენტარები