რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ესპანეთი მზადაა, უკრაინას საზენიტო რაკეტები და Leopard-ის საბრძოლო ტანკები გადასცეს – მედია

TOMS KALNINS (EFE)

ესპანური გამოცემის, El País-ის ინფორმაციით, ესპანეთი უკრაინას თუ აქამდე მხოლოდ დაცვის აღჭურვილობასა და მსუბუქ იარაღს აწვდიდა, უკვე მზადაა, მას მძიმე შეიარაღება, საზენიტო-სარაკეტო სისტემები და Leopard-ის საბრძოლო ტანკების მიაწოდოს. ამასთანავე, მედიის ინფორმაციით, იგეგმება უკრაინელი სამხედროებისთვის წვრთნების ჩატარება. 

როგორც გამოცემა წერს, თავდაცვის სამინისტრომ კიევისთვის საზენიტო-სარაკეტო სისტემის, Shorad Aspide-ის მიწოდება უკვე გადაწყვიტა. თავად ესპანეთმა ეს სისტემა, რომელიც ევროპული სარაკეტო კომპანიის MBDA-ს მიერაა წარმოებული, სხვა უფრო მაღალ განვითარებული სისტემით ჩაანაცვლა.

მედიის ცნობით, ესპანეთის მთავრობა გეგმავს, უკრაინას მიაწოდოს Leopard A4 საბრძოლო ტანკები, რომლებიც შეკეთებას საჭიროებს. ეს ტანკები 108 მეორადი ერთეულის ნაწილია, რომელიც 1995 წელს გერმანიამ მიყიდა ესპანეთს. El País-ის წყაროს ვარაუდით, შესაძლებელია დაახლოებით 40 მანქანის რეაბილიტაცია და უკრაინის არმიისთვის მიწოდება. 

წვრთნებს კი უკრაინელი სამხედროები ჯერ ლატვიაში გაივლიან, ხოლო მეორე ფაზას ესპანეთში გააგრძელებენ. NATO-ს გაძლიერების ოპერაციის ფარგლებში, ლატვიაში ესპანეთის არმიამ 500 ჯარისკაცისგან შემდგარი კონტინგენტი განათავსა ექვსი Leopard 2E ტანკით.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები