შვედეთი-ფინეთი-NATO

ფინეთ-შვედეთის NATO-ში შესვლა რუსეთის სამხედრო მდგომარეობას გააუარესებს – გენერალი მილი

TT News Agency/Fredrik Persson via REUTERS

აშშ-ს შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსების კომიტეტის თავმჯდომარის, მარკ მილის თქმით, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანება ბალტიის ზღვაში რუსეთის სამხედრო მდგომარეობას გააუარესებს. ამის შესახებ მან შვედ კოლეგასთან, შვედეთის პრემიერმინისტრთან და თავდაცვის მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. შეხვედრა ბალტიის ზღვაში NATO-ს ყოველწლიური წვრთნების წინ გაიმართა - მასში შვედეთი და ფინეთიც მონაწილეობს. 

"ეს [ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანება] სამხედრო თვალსაზრისით, რუსეთისთვის ძალიან პრობლემური, NATO-სთვის ძალიან მომგებიანი იქნება". - აღნიშნა მარკ მილიმ.

18 მაისს ფინეთისა და შვედეთის წარმომადგენლებმა NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს NATO-ში გაწევრიანების განაცხადები ოფიციალურად გადასცეს. ფინეთსა და შვედეთში NATO-ში გაწევრიანების შესახებ აქტიური საუბრები რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაიწყო.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ფინეთის საჯარო კვლევებში NATO-ში გაწევრიანება ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ პირველად მოინდომა. მოსახლეობაში ალიანსის წევრობის სურვილი წინა მონაცემებთან შედარებით 19%-ით – 62%-მდე იყო გაზრდილი.

ამავდროულად, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანების წინააღმდეგია ალიანსის წევრი თურქეთი. პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თქვა, რომ შვედეთისა და ფინეთის დელეგაციები მის გადასაბირებლად თურქეთში ჩასვლაზე არ უნდა შეწუხდნენ. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს თქმით, წინააღმდეგობის მიზეზი ფინეთისა და შვედეთის მიერ ქურთისტანის მუშათა პარტიის/სახალხო თავდაცვის შენაერთის (PKK/YPG) მხარდაჭერაა, რომელსაც თურქეთი ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს.

NATO-ში გაწევრიანებისთვის საჭიროა, რომ კანდიდატმა ქვეყანამ ალიანსის ყველა წევრისგან მიიღოს რატიფიცირება.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ფინეთისა და შვედეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას შეცდომა უწოდა, თუმცა, მისი თქმით, მათ ხარჯზე NATO-ს გაფართოებით რუსეთს პირდაპირი საფრთხე არ ექმნება.

კომენტარები