საქართველო-ევროკავშირი

ALDE-მ საქართველოსთვის EU-ს წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე რეზოლუციას მხარი დაუჭირა

ALDE Party

ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსმა ევროპისთვის (ALDE) დუბლინში მიმდინარე ყრილობაზე მხარი დაუჭირა რეზოლუციას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. რეზოლუციის ავტორები სტრატეგია აღმაშენებელი, გირჩი – მეტი თავისუფლება, ლელო და რესპუბლიკული პარტია არიან. რეზოლუციის მიღების შესახებ ინფორმაციას პარტიების ლიდერები ავრცელებენ.

რეზოლუციით ALDE-მ მხარი დაუჭირა უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასაც.

ალიანსი მოუწოდებს ევროპულ საბჭოში წარმოდგენილ სახელმწიფოებს, რომ მიანიჭონ საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი საბჭოს მომავალ შეხვედრაზე, 2022 წლის ივნისის ბოლოს.

ALDE ევროპული პარტიაა, რომელშიც სხვადასხვა ევროპული ქვეყნის, მათ შორის საფრანგეთის, ჰოლანდიის, ირლანდიის, ლუქსემბურგის, გერმანიის და ესტონეთის ლიბერალური და დემოკრატიული პარტიები ერთიანდებიან. ალიანსს ევროპარლამენტში 100-ზე მეტი დეპუტატი ჰყავს. 3 მაისს ალიანსის წევრები გახდნენ ლელო და გირჩი – მეტი თავისუფლება.

საქართველომ ევროკავშირის წარმომადგენლობას კანდიდატის სტატუსის თვითშეფასების კითხვარის ორივე ნაწილი უკვე გადასცა. კითხვარი ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურებს გადასცეს უკრაინამ და მოლდოვამაც.

შევსებული კითხვარის მიღების შემდეგ ევროკომისია იწყებს საკუთარი შეფასების ანგარიშის მომზადებას, რომელიც ევროკავშირის საბჭოს გადაეცემა და საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს მიიღებს.

28 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს მოაწერა ხელი. უკრაინამ განაცხადი ქვეყანაში რუსეთის შეჭრის და სრულმასშტაბიანი ომის ფონზე გააკეთა. უკრაინის შემდეგ გაწევრიანების განაცხადი ოფიციალურად წარადგინეს საქართველომ და მოლდოვამაც.

კომენტარები