რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის დაზვერვა აზოვსტალის ქარხნის დატყვევებულ მცველებს უკავშირდება – მონასტირსკი

აზოვსტალიდან გამოყვანილი უკრაინელი სამხედროები, 20 მაისი
REUTERS/Alexander Ermochenko

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის, დენის მონასტირსკის თქმით, უკრაინის სადაზვერვო სამსახურები აზოვსტალის ფოლადის ქარხნის დატყვევებულ მცველებს უკავშირდებიან. მისი სიტყვებით, კიევი ყველაფერს აკეთებს მებრძოლების გასათავისუფლებლად. 

"სწორედ მათი [დაზვერვის სამსახურის] საშუალებით ვსწავლობთ დაკავების პირობებს, კვებასა და მათი გათავისუფლების შესაძლებლობებს. 

ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ისინი აქ უნდა იყვნენ, კიევში და ყველაფერს ვაკეთებთ ამისთვის".- თქვა მონასტირსკიმ. 

17 მაისს აზოვსტალიდან მებრძოლების ევაკუაციის ოპერაცია დაიწყო. ევაკუაციის ფარგლებში, მარიუპოლში აზოვსტალის ქარხნიდან ყველა უკრაინელი სამხედრო რუსული ძალების თანხლებით მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე გადაიყვანეს. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ თქვა, რომ უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დასაბრუნებლად მათ რუს ტყვეებში გაცვლიან.

ასევე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ანდრეი რუდენკოს თქმით, უწყებაში აზოვსტალის ქარხნიდან აყვანილი ტყვეების გაცვლასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების გამართვის შესაძლებლობას არ გამორიცხავენ.

თუმცა, რუსეთის დუმის სპიკერის, ვიაჩესლავ ვოლოდინის სიტყვებით, "ნაცისტი კრიმინალები" არ უნდა გაცვალონ. ასევე, რუსული სამთავრობო მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის გამომძიებლები აზოვსტალის მცველებს დაკითხავენ. ამასთან, რუსეთის გენერალური პროკურატურა უზენაეს სასამართლოს მიმართავს, რომ უკრაინაში მებრძოლი აზოვის პოლკი ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადდეს.

კომენტარები