ისრაელი

მედია: ისრაელის საჰაერო ძალებმა ირანის ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმის სიმულაცია ჩაატარა

ისრაელის მედიის ცნობით, ისრაელის საჰაერო ძალებმა წვრთნების ფარგლებში ხმელთაშუა ზღვის თავზე ირანის ბირთვულ ობიექტებზე იერიშის სიმულაცია ჩაატარეს

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ათობით ავიაგამანადგურებელმა შეასრულა შორ მანძილზე ფრენის, ცაში საწვავის შევსებისა და შორს მდებარე სამიზნეებზე თავდასხმის იმიტაციის მანევრები.

სიმულაციის განმავლობაში ავიაგამანადგურებლები, რომლებიც კვიპროსის გარშემო დაფრინავდნენ, საწვავით ორჯერ შეავსეს. პარალელურად ძებნისა და სამაშველო დანაყოფის ვერტმფრენი ვარჯიშობდა ისეთ სიტუაციებზე, რომლებშიც ისრაელის საჰაერო ძალების პილოტებს საკუთარი თვითმფრინავების დატოვება მოუწიათ და მათი გადარჩენაა საჭირო.

აქამდე არსებული ინფორმაციით, ისრაელის გამანადგურებლები ჰაერში საწვავით აშშ-ს საწვავმზიდ თვითმფრინავებს უნდა შეევსოთ, თუმცა, პენტაგონში წვრთნებში აშშ-ს პირდაპირ მონაწილეობას უარყოფენ.

სიმულაცია ჩატარდა ოთხკვირიანი წვრთნების, ცეცხლოვანი ეტლების ფარგლებში. 


გასული წლის დასაწყისში ისრაელის შეიარაღებულ ძალების მეთაურმა, ავივ კოჰავიმ არმიას ირანზე თავდასხმის გეგმების შემუშევაბა უბრძანა. მან ეს პროცესი გასული წლის სექტემბერში დააჩქარა.

წვრთნები გაჭიანურებული ბირთვული მოლაპარაკებების ფონზე ტარდება. ამ ეტაპამდე ირანთან ვერ გაფორმდა ახალი ბირთვული შეთანხმება, რომელსაც ისრაელი ეწინააღმდეგება და თვლის, რომ ის თეირანს ბირთვულ იარაღზე მუშაობის შესაძლებლობას ვერ უზღუდავს. 

ისრაელის თავდაცვის მინისტრის, ბენი განცის თქმით, ირანს ბირთვული იარაღისთვის საჭირო მასალის მოგროვებამდე მხოლოდ რამდენიმე კვირა აშორებს და ასევე ისინი ასრულებენ მუშაობას 1000 თანამედროვე ცენტრიფუგაზე, რომლებიც საჭიროა ურანის გამდიდრებისთვის.

2021 წლის აპრილში, ქალაქ ვენაში ირანს, აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, გერმანიას, საფრანგეთს ევროკავშირს, რუსეთსა და ჩინეთს შორის დაიწყო საუბარი, თუ როგორ შეიძლებოდა 2015 წლის ბირთვული შეთანხმებისთვის დაბრუნება. ეს უკანასკნელი ამერიკამ, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის დროს, 2018 წელს დატოვა, რდაგან მიიჩნევდნენ, რომ ირანი შეთანხმებას არღვევდა და მსგავსი ფორმატი თეირანის ბირთვულ პროგრამას ვერ შეაჩერებდა. ამის შემდეგ ტრამპის ადმინისტრაციამ ირანს დამატებითი სანქციები დაუწესა.

ირანის ბირთვულ პროგრამას განსაკუთრებულ საფრთხედ აღიქვამს ისრაელის მხარე, რომელიც თვლის, რომ მოლაპარაკებები შედეგს ვერ მოიტანს და თეირანი მალე ბირთვულ იარაღს შექმნის. ბოლო ხანებში იერუსალიმი ირანზე თავდასხმისთვისაც ემზადებოდა.

კომენტარები