რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბაიდენი: დახმარების პაკეტი უკრაინას ახალი შესაძლებლობებით შეაიარაღებს, მათ შორის, HIMARS-ით

Evan Vucci/AP

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ოფიციალურად წარადგინა დახმარების ახალი პაკეტი, რომელიც უკრაინისთვის HIMARS-ების, მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემების გადაცემასაც მოიცავს. 

"მე წარგიდგენთ თავდაცვის ახალ, მნიშვნელოვან პაკეტს, რათა უკრაინის არმიას დროული და კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარება აღმოვუჩინოთ. უკრაინისთვის დამატებითი დაფინანსების წყალობით, რომელიც გამოიყო აშშ-ს კონგრესის ორპარტიული მხარდაჭერით, აშშ-ს შეეძლება, გააგრძელოს უკრაინისთვის იმ იარაღების მიწოდება, რომლებსაც ისინი ეფექტურად იყენებენ რუსული შეტევების მოგერიებისთვის. 

ეს ახალი პაკეტი მათ შეაიარაღებს ახალი შესაძლებლობებითა და მოწინავე იარაღით, HIMARS-ისა და მისი საბრძოლო იარაღის ჩათვლით, რათა დაიცვან საკუთარი ტერიტორია რუსეთის წინსვლისგან. ჩვენ გავაგრძელებთ მსოფლიოს ქვეყნების წინ გაძღოლას თავისუფლებისთვის ბრძოლაში უკრაინისთვის ისტორიული დახმარების აღმოჩენის გზაზე". - ამბობს ჯო ბაიდენი.    

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის ინფორმაციით, დახმარების ახალი, მე-11 პაკეტი $700 მილიონის ღირებულების იქნება. მისი სიტყვებით, პაკეტი გააძლიერებს უკრაინის პოზიციას ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვაში, ასევე, მოლაპარაკების მაგიდასთან. ბლინკენის თქმით, აშშ და მოკავშირეები მხარს დაუჭერენ უკრაინას "იმდენი ხნით, რამდენითაც საჭირო იქნება". 

მანამდე, ჯო ბაიდენმა The New York Times-ში გამოქვეყნებულ წერილში დაწერა, რომ აშშ უკრაინას თანამედროვე სარაკეტო სისტემებს მიაწვდიდა. დღეს, 1-ელ ივნისს კი CNN-ს აშშ-ს ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა დაუდასტურა, რომ ვაშინგტონი კიევს HIMARS-ებს გადასცემს. 

ამერიკელი მაღალჩინოსნის თქმით, უკრაინისთვის გადაცემული HIMARS-ის სისტემები აღჭურვილი იქნება საბრძოლო მასალით, რომლის მეშვეობითაც რაკეტების გაშვება, დაახლოებით, 80 კილომეტრის რადიუსზე იქნება შესაძლებელი. ეს HIMARS-ის სისტემის მაქსიმალურ რადიუსთან, 300 კილომეტრთან შედარებით ბევრად მცირე მანძილია, თუმცა, ამის მიუხედავად, ყველაზე დიდი რადიუსის მქონე იარაღი იქნება, რაც ამ დროისთვის უკრაინას გადაეცა. 

უსაფრთხოების დახმარების ახალი პაკეტი ასევე მოიცავს სადაზვერვო რადარებს, დამატებით ჯაველინებს, ჯავშანსაწინააღმდეგო იარაღებს, საარტილერიო ჭურვებს, ვერტმფრენებს, ტაქტიკურ მანქანებსა და ნაწილებს აღჭურვილობის შესაკეთებლად.

გუშინ, 31 მაისს, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ აშშ უკრაინას არ მიაწვდის ისეთ იარაღს, რომელიც მათ რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმის საშუალებას მისცემს. გასულ დღეებში CNN-თან ანონიმური წყარო ამბობდა, რომ აშშ უკრაინისთვის თანამედროვე, დიდი რადიუსის მქონე სარაკეტო სისტემების გადაცემისთვის ემზადებოდა. 

მანამდე, უკრაინა ითხოვდა ამერიკულ ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებსა (MLRS) და HIMARS-ს. ამ სისტემებს რაკეტების სროლა იმაზე შორს შეუძლიათ, ვიდრე უკრაინის შეიარაღებაში ამჟამად მყოფ ზალპური ცეცხლის სისტემებს.

კომენტარები