გალიფ ოზთურქის საქმე

ბათუმში თურქი ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი დააკავეს

ბათუმში თურქი ბიზნესმენი, გალიფ ოზთურქი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას რამდენიმე მედია, მათ შორის აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. მეტრო ჰოლდინგის ოფისში, რომლის მფლობელიც ოზთურქია, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებულია ფინანსური პოლიცია და სპეცრაზმი.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

"საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, მოქალაქე გ.ო.-ს მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდების, ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის შესაძლო ფაქტზე მიმდინარე გამოძიების პროცესში, საქმის ვითარების გასარკვევად საჭირო მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, 2022 წლის 31 მაისს, სასამართლოს განჩინებების საფუძველზე, მოქალაქე გ.ო.-სთან, ასევე მასთან დაკავშირებულ პირებთან და კომპანიებში განხორციელდა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები". – წერია განცხადებაში.

საგამოძიებო სამსახურის თქმით, ოზთურქის მისამართზე ამოღებულ იქნა დიდი ოდენობით ფულადი თანხა, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებები.

"გ.ო.-ს საცხოვრებელ მისამართზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, სხვა ნივთიერ მტკიცებულებებთან ერთად, ამოღებულ იქნა დიდი ოდენობით ფულადი თანხა, ასევე აღმოჩენილ იქნა სავარაუდოდ ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებები, რასთან დაკავშირებითაც გ.ო. დაკავებულ იქნა საქართველოს სისიხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 261-ე მუხლების პირველი ნაწილებით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 წლამდე ვადით". – წერია განცხადებაში.

მიმდინარე წლის დასაწყისში, პარტია ლელოს წევრმა, ირაკლი კუპრაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გალიფ ოზთურქმა ბათუმის ცენტრში 12 კორპუსი უნებართვოდ ააშენა. "ეს კორპუსები სინამდვილეში არის ყაზარმული სახის, დახურული, შესვლა არ შეიძლება. ეს არის ახალი ტიპის უზარმაზარი კორუფციული სქემა პერსონალურად გალიფ ოზთურქის, ბიძინა ივანიშვილისა და რომელიღაც დიდი ჩინური კომპანიის, რომელთაც გადაწყვიტეს დიდი რაღაც ტიპის IT სივრცის შექმნა, რომელიც იქნება ე.წ. ფიშინგის ქოლცენტრის ახალი კერა, იქნება ონლაინ კაზინოები ფიშინგით და, მათ შორის, კიბერდანაშაულის ახალი კერა. იგეგმება 15 000-მდე ჩინეთის მოქალაქის ჩამოსახლება" - ამბობდა კუპრაძე. 

15 თებერვალს საკითხზე ისაუბრა კიდევ ერთი ოპოზიციური პარტიის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, დავით ხაჯიშვილმაც. ხაჯიშვილმაც თქვა, რომ ბათუმში "უკანონო ქალაქი" შენდება, სადაც 15 000-მა ჩინელმა უნდა იცხოვროს. ხაჯიშვილი ამბობდა, რომ იქ იქნებოდა ფიშინგ ცენტრი, ხოლო ოზთურქის მფარველობაში კი საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი დაადანაშაულა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ მაშინ ეს ინფორმაცია უარყო და თქვა, რომ ოპოზიციის მიერ გავრცელებული ინფორმაცია მთავრობის დისკრედიტაციას ემსახურება და კონკრეტული ბიზნესურთიერთობების საკითხს მათთან კავშირი არ აქვს.

2022 წლის იანვარში ბათუმის მერიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოზთურქ გალიფის მეტრო ტერმინალი ბათუმში, გოგოლის ქუჩაზე მრავალსართულიან კორპუსებს შესაბამისი ნებართვის გარეშე აშენებდა, რის გამოც კომპანია 49-ჯერ, ჯამში 246,000 ლარით დაჯარიმდა.

თავად კომპანია კი ამტკიცებდა, რომ შენობები დაიტვირთებოდა საოფისე, სავაჭრო, სასწავლო და საოპერაციო დანიშნულებით და მოეწყობოდა ტექნო პარკი. 

 

კომენტარები