გალიფ ოზთურქის საქმე

ბიზნესმენ გალიფ ოზთურქს სასამართლომ 8-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ თურქი ბიზნესმენი, გალიფ ოზთურქი დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის საქმეზე დამნაშავედ ცნო და 8-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ოზთურქი 2022 წლის 31 მაისს დააკავეს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, ბათუმში ბიზნესმენის  ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 7.2159 გრ. ნარკოტიკული საშუალება კოკაინი.

ბიზნესმენის ადვოკატი ამბობს, რომ მოსამართლის განაჩენი ობიექტურ მტკიცებულებებს არ ეყრდნობოდა და მას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

გალიფ ოზთურქის უკანონო ბიზნესსაქმიანობაზე 2022 წლის შემდეგ საუბრობდნენ ოპოზიციის წარმომადგენლებიც. წლის დასაწყისში პარტია ლელოს წევრმა, ირაკლი კუპრაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ  ოზთურქმა ბათუმის ცენტრში 12 კორპუსი უნებართვოდ ააშენა. მისი თქმით, საქმეში ჩართული იყო ბიძინა ივანიშვილიც და შენობების დანიშნულება "ფიშინგის ქოლცენტრებისა და ონლაინ კაზიონების ქსელის" გაფართოება იყო.

15 თებერვალს საკითხზე ასევე ისაუბრა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, დავით ხაჯიშვილმაც, რომელმაც ოზთურქის მფარველობაში პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაადანაშაულა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ მაშინ ეს ინფორმაცია უარყო და თქვა, რომ ოპოზიციის მიერ გავრცელებული ცნობები მთავრობის დისკრედიტაციას ემსახურებოდა.

2022 წლის იანვარში ბათუმის მერიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გალიფ ოზთურქის მეტრო ტერმინალი ბათუმში, გოგოლის ქუჩაზე მრავალსართულიან კორპუსებს შესაბამისი ნებართვის გარეშე აშენებდა, რის გამოც კომპანია 49-ჯერ, ჯამში 246 000 ლარით დაჯარიმდა. თავად კომპანია ამტკიცებდა, რომ შენობები დაიტვირთებოდა საოფისე, სავაჭრო, სასწავლო და საოპერაციო დანიშნულებით და მოეწყობოდა ტექნო პარკი. 

კომენტარები