გალიფ ოზთურქის საქმე

ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი საპროცესო შეთანხმებით გათავისუფლდა - AjaraTimes

ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი, რომელიც საქართველოში 2022 წელს დააკავეს, საპროცესო შეთანხმებით გათავისუფლდა - ინფორმაციას აჭარა თაიმსი ოზთურქის ადვოკატზე დაყრდნობით ავრცელებს

"სასჯელი, რომელიც ჰქონდა, ნაწილობრივ ამნისტია შეეხო, ამას დაემატა ისიც რომ 3 წელზე მეტი მოხდილი ჰქონდა. პროკურატურა დათანხმდა საპროცესო შეთანხმებას. ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზანი ვერ დადგინდა, მხოლოდ უკანონო შეძენა შენახვის ნაწილია საქმეში” – თქვა, აჭარა თაიმსის ცნობით, ადვოკატმა რობერტ გრიგალაშვილმა. 

ოზთურქი 2022 წლის 31 მაისს  დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, ბათუმში ბიზნესმენის  ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 7.2159 გრ. ნარკოტიკული საშუალება კოკაინი. ბიზნესმენს სასამართლომ 8-წლიანი თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

გალიფ ოზთურქის უკანონო ბიზნესსაქმიანობაზე 2022 წლის შემდეგ საუბრობდნენ ოპოზიციის წარმომადგენლებიც. წლის დასაწყისში პარტია ლელოს წევრმა, ირაკლი კუპრაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ  ოზთურქმა ბათუმის ცენტრში 12 კორპუსი უნებართვოდ ააშენა. მისი თქმით, საქმეში ჩართული იყო ბიძინა ივანიშვილიც და შენობების დანიშნულება "ფიშინგის ქოლცენტრებისა და ონლაინ კაზიონების ქსელის" გაფართოება იყო.

საკითხზე ასევე ისაუბრა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, დავით ხაჯიშვილმაც, რომელმაც ოზთურქის მფარველობაში პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაადანაშაულა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ მაშინ ეს ინფორმაცია უარყო და თქვა, რომ ოპოზიციის მიერ გავრცელებული ცნობები მთავრობის დისკრედიტაციას ემსახურებოდა.

2022 წლის იანვარში ბათუმის მერიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გალიფ ოზთურქის მეტრო ტერმინალი ბათუმში, გოგოლის ქუჩაზე მრავალსართულიან კორპუსებს შესაბამისი ნებართვის გარეშე აშენებდა, რის გამოც კომპანია 49-ჯერ, ჯამში 246 000 ლარით დაჯარიმდა. თავად კომპანია ამტკიცებდა, რომ შენობები დაიტვირთებოდა საოფისე, სავაჭრო, სასწავლო და საოპერაციო დანიშნულებით და მოეწყობოდა ტექნო პარკი. 

კომენტარები