გალიფ ოზთურქის საქმე

პროკურატურა: ოზთურქის ბინიდან 7.2159 გრ კოკაინი ამოვიღეთ, შეძენა-შენახვისთვის ბრალი წარედგინა

საქართველოს პროკურატურა თურქი ბიზნესმენის, გალიფ ოზთურქის დაკავებასტან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.  უწყების ინფრომაციით, ოზთურქს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის და შენახვის ფაქტზე, ბრალდება წარუდგინეს. 

"საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის თავის არიდების, ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის შესაძლო ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 31 მაისს, ბათუმში, გ.ო.-ს საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ამოღებული იქნა განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 7,2159 გრ. ნარკოტიკული საშუალება კოკაინი".- აღნიშნულია განცხადებაში. 

ოზთურქი 31 მაისს დააკავეს, მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის ა ქვეპუნქტით წარედგინა.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით ბათუმის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.


მიმდინარე წლის დასაწყისში, პარტია ლელოს წევრმა, ირაკლი კუპრაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გალიფ ოზთურქმა ბათუმის ცენტრში 12 კორპუსი უნებართვოდ ააშენა. "ეს კორპუსები სინამდვილეში არის ყაზარმული სახის, დახურული, შესვლა არ შეიძლება. ეს არის ახალი ტიპის უზარმაზარი კორუფციული სქემა პერსონალურად გალიფ ოზთურქის, ბიძინა ივანიშვილისა და რომელიღაც დიდი ჩინური კომპანიის, რომელთაც გადაწყვიტეს დიდი რაღაც ტიპის IT სივრცის შექმნა, რომელიც იქნება ე.წ. ფიშინგის ქოლცენტრის ახალი კერა, იქნება ონლაინ კაზინოები ფიშინგით და, მათ შორის, კიბერდანაშაულის ახალი კერა. იგეგმება 15 000-მდე ჩინეთის მოქალაქის ჩამოსახლება" - ამბობდა კუპრაძე. 

15 თებერვალს საკითხზე ისაუბრა კიდევ ერთი ოპოზიციური პარტიის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, დავით ხაჯიშვილმაც. ხაჯიშვილმაც თქვა, რომ ბათუმში "უკანონო ქალაქი" შენდება, სადაც 15 000-მა ჩინელმა უნდა იცხოვროს. ხაჯიშვილი ამბობდა, რომ იქ იქნებოდა ფიშინგ ცენტრი, ხოლო ოზთურქის მფარველობაში კი საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი დაადანაშაულა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ მაშინ ეს ინფორმაცია უარყო და თქვა, რომ ოპოზიციის მიერ გავრცელებული ინფორმაცია მთავრობის დისკრედიტაციას ემსახურება და კონკრეტული ბიზნესურთიერთობების საკითხს მათთან კავშირი არ აქვს.

2022 წლის იანვარში ბათუმის მერიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოზთურქ გალიფის მეტრო ტერმინალი ბათუმში, გოგოლის ქუჩაზე მრავალსართულიან კორპუსებს შესაბამისი ნებართვის გარეშე აშენებდა, რის გამოც კომპანია 49-ჯერ, ჯამში 246,000 ლარით დაჯარიმდა.

თავად კომპანია კი ამტკიცებდა, რომ შენობები დაიტვირთებოდა საოფისე, სავაჭრო, სასწავლო და საოპერაციო დანიშნულებით და მოეწყობოდა ტექნო პარკი. 

კომენტარები