რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მეცოლა: უკრაინისთვის, საქართველოსა და მოლდოვისთვის EU-ს სტატუსის მინიჭება პრიორიტეტულია

AP

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ აღნიშნა, რომ ევროპარლამენტისთვის უკრაინისთვის, საქართველოსა და მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მინიჭება პრიორიტეტულია. 

"უკრაინისთვის, საქართველოსა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება რჩება პრიორიტეტად. სხვაგვარად, რა იქნება ჩვენი გზავნილი ამ ქვეყნების მოსახლეობისთვის". - თქვა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა.

მეცოლას თქმით, უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან საკითხის განხილვისას პრეზიდენტმა ჰკითხა, "ჩვენ ვიბრძვით ევროპის ომს, მზად ხართ, რომ [ევროკავშირის] კარი გაგვიღოთ?". ევროპარლამენტის პრეზიდენტის განმარტებით, ალიანსის მოვალეობაა ისეთივე სისწრაფით უპასუხოს უკრაინის მოთხოვნას, როგორი სისწრაფითაც ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის კითხვარი შეავსო. 

"ჩვენი მოვალეობაა, რომ არა მხოლოდ გამოვიყენოთ პოლიტიკური რიტორიკა, არამედ ვთქვათ, რომ დიახ, მზად ვართ, რომ გავაღოთ ეს კარი. მაშინ როცა ჩვენ ვნახეთ, რომ უკრაინამ სინათლის სისწრაფით უპასუხა ევროკომისიის კითხვარს. ჩვენც პასუხს ამავე სისწრაფით დავუბრუნებთ". - აღნიშნა მეცოლამ. 

საქართველომ ევროკავშირის წარმომადგენლობას კანდიდატის სტატუსის თვითშეფასების კითხვარის ორივე ნაწილი უკვე გადასცა. კითხვარი ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურებს გადასცეს უკრაინამ და მოლდოვამაც.

შევსებული კითხვარის მიღების შემდეგ ევროკომისია იწყებს საკუთარი შეფასების ანგარიშის მომზადებას, რომელიც ევროკავშირის საბჭოს გადაეცემა და საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს მიიღებს.

28 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს მოაწერა ხელი. უკრაინამ განაცხადი ქვეყანაში რუსეთის შეჭრის და სრულმასშტაბიანი ომის ფონზე გააკეთა. უკრაინის შემდეგ გაწევრიანების განაცხადი ოფიციალურად წარადგინეს საქართველომ და მოლდოვამაც.

საქართველოსა და მოლდოვას თვითშეფასების კითხვარი ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ 11 აპრილს გადასცა.

კომენტარები