რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ევროვიზიის გამარჯვებული KALUSH ORCHESTRA უკრაინული ჯარის დასახმარებლად ჯილდოს ყიდის

2022 წლის ევროვიზიის გამარჯვებული უკრაინული ჯგუფი Kalush Orchestra უკრაინელი ჯარისკაცების დასახმარებლად, კონკურსზე მოგებულ ჯილდოს, მინის მიკროფონს აუქციონზე ყიდის. გამარჯვებული იქნება ის, ვინც 28 მაისამდე Monobank-ის საშუალებით, როგორც კრიპტოვალუტის, ასევე ნაღდი ფულის სახით ყველაზე მეტ თანხას ჩარიცხავს. ამის შესახებ ინფორმაცია ბენდმა საკუთარ ინსტაგრამის გვერდზე გაავრცელა.

აგრეთვე, აუქციონზე გაიყიდება ჯგუფის ერთ-ერთი წევრის, ოლეგ პსიუკის ვარდისფერი ქუდიც. მისმა მსურველებმა სპეციალურ ანგარიშზე მინიმუმ 5 ევრო უნდა ჩარიცხონ. რაც მეტი იქნება დონაცია, მით უფრო მეტი იქნება მოგების შანსიც. ქუდის მომავალ მფლობელს შემთხვევითობის პრინციპით გამოავლენენ.

"ჩვენ ევროვიზიის კონკურსში გავიმარჯვეთ, ახლა კი გვსურს, რომ უკრაინას ომის მოგებაში დავეხმაროთ. აუქციონიდან შემოსული თანხა მთლიანად უკრაინელი ჯარისკაცების დასახმარებლად გადაირიცხება. თქვენ მიერ გადმორიცხულ თითოეულ ევროს შეუძლია, რომ უკრაინელი ჯარისკაცების სიცოცხლე გადაარჩინოს. მადლობა მხარდაჭერისთვის. დიდება უკრაინას! დიდება გმირებს!". - ამბობენ ჯგუფის წევრები ვიდეომიმართვაში.

აღსანიშნავია, რომ Kalush Orchestra უკრაინული საქველმოქმედო ფონდებისა და უკრაინის შეიარაღებული ძალების დასახმარებლად ევროპაში ტურნესაც გამართავს. ჯგუფის ერთ-ერთი წევრის, ოლეგ პსიუკის თქმით, მათი მიზანი ასევე მუსიკაში უკრაინული ენის პოპულარიზაცია და უკრაინული კულტურის გავრცელების ხელშეწყობაა.

15 მაისს, უკრაინულმა ჯგუფმა Kalush Orchestra-მ 2022 წლის ევროვიზიის კონკურსში გაიმარჯვა სიმღერით Stefania. 

კომენტარები