რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკიმ დაასახელა პირობა, თუ რა შემთხვევაში გააგრძელებენ რუსეთთან მოლაპარაკებებს

ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ იაპონური მედია NHK-სთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ მოსკოვთან მოლაპარაკებების მაგიდასთან მაშინ დაბრუნდებიან, როცა კიევი 24 თებერვლამდე კონტროლირებად ტერიტორიებს დაიბრუნებს. 

"მჯერა, რომ უნდა დავიბრუნოთ მთელი ჩვენი ტერიტორია, თუმცა ამისთვის საფასურის გადახდა მოგვიწევს. გვსურს დავაბრუნოთ ისე, როგორც 24 თებერვლამდე იყო. მაშინ ჩვენ მოლაპარაკებების მაგიდასთან დავსხდებით". – თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. 


უკრაინის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა 24 მაისს თქვა, რომ რუსეთის აგრესია ყველაზე აქტიურ ფაზაში შევიდა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია, სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

კომენტარები