რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ვენედიქტოვა: უკრაინაში ომის დანაშაულებისთვის კიდევ 48 რუს სამხედროს გავასამართლებთ

Mikhail Palinchak/SOPA Images/Getty Images

უკრაინაში სამხედრო დანაშაულებში ბრალდებულ კიდევ 48 რუს ჯარისკაცს გაასამართლებენ. ამის შესახებ უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ირინა ვენედიქტოვამ დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას თქვა. 

"ჩვენთან უკვე აღძრულია 13 000-მდე საქმე მხოლოდ ომის დანაშაულებებთან დაკავშირებით. ამ კატეგორიაში ეჭვმიტანილად გამოცხადდა 49 პირი".- ამბობს პროკურორი. 

მისივე თქმით, არსებობს დაახლოებით 600 ეჭვმიტანილის სია, რომლებიც, სავარაუდოდ, უკრაინაში ომის დანაშაულებში იყვნენ ჩართულნი. 

23 მაისს, უკრაინის სასამართლომ რუს სამხედროს, ვადიმ შიშიმარინს, უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაულის გამო სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 

უკრაინის ინფორმაციით, შიშიმარინმა ომის დაწყების პირველ დღეებში სუმის ოლქში მოკლა 62 წლის მშვიდობიანი მოქალაქე, რომელიც ქუჩაში ველოსიპედით მიდიოდა.  

შიშიმარინი პირველი რუსი სამხედროა, რომელსაც უკრაინაში ჩადენილი დანაშაულის გამო გაასამართლეს. პროკურატურის ინფორმაციით, ჩადენილი დანაშაულების გამო მომავალში სხვა ოკუპანტებსაც გაასამართლებენ. მოსკოვი უარყოფს, რომ სამხედროები მშვიდობიან მოქალაქეებს ხოცავენ.   

კომენტარები