რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქი დაბომბეს – 6 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 11 კი დაიჭრა

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში, დონეცკის ოლქში 12 დასახლება გასულ ღამეს 18-ჯერ დაბომბეს. რუსების იერიშებს 6 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, 11 ადამიანი კი დაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაცია დონეცკის ოლქის პოლიციამ გაავრცელა.

აგრეთვე, რუსი ოკუპანტების იერიშების შედეგად, დონეცკის ოლქში 74 სამოქალაქო ობიექტი განადგურდა, მათ შორის: სახლები, სკოლები, სამრეწველო და სასოფლო-სამეურნეო საწარმოები და სხვა. რუსებმა მშვიდობიან მოქალაქეებს ცეცხლი თვითმფრინავებიდან, ტანკებიდან და მძიმე არტილერიიდან გაუხსნეს.

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

 

კომენტარები