ისრაელი-რუსეთი

ბოგდანოვი: ისრაელის რიგი მაღალჩინოსნების ანტირუსული განცხადებებით იმედგაცრუებული ვართ

მიხაილ ბოგდანოვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მიხეილ ბოგდანოვის თქმით, რუსეთი ისრაელის მაღალჩინოსნების "ანტირუსული განცხადებებით" იმედგაცრუებული იყო.

"რა თქმა უნდა, ჩვენ ოდნავ იმედგაცრუებული ვიყავით ისრაელის რიგი პასუხისმგებელი პირების ასეთი ანტირუსული განცხადებებით, რადგან ეს არ ესადაგება ტრადიციული მეგობრული ურთიერთობის სახეს, რომელსაც 30 წელი, 80-იანების ბოლოდან ვაშენებდით". – თქვა ბოგდანოვმა. 

როგორც ბოგდანოვმა აღნიშნა, რუსეთი იმედოვნებს, რომ ისრაელი უკრაინის საკითხის მიმართ "ბალანსირებულ" პოზიციას დაიკავებს.

"ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი პარტნიორები ისრაელიდან დაიკავებენ უფრო ბალანსირებულ და ობიექტურ პოზიციას, მათ შორის უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით". – თქვა ბოგდანოვმა.

იერუსალიმსა და მოსკოვს შორის ურთიერთობა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის სიტყვების შემდეგ დაიძაბა.

"მერე რა რომ ზელენსკი ებრაელია. ეს ფაქტი უკრაინაში ნაცისტურ ელემენტებს არ აქრობს. მგონი, ჰიტლერსაც ებრაული სისხლი ჰქონდა... ზოგიერთი ყველაზე უარესი ანტისემიტი ებრაელია". – თქვა სერგეი ლავროვმა იტალიურ მედიასთან საუბრის დროს, რასაც ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი იაირ ლაფიდისგან უარყოფითი შეფასება მოჰყვა და ამ სიტყვებს "საშინელი ისტორიული შეცდომა" უწოდა. ლაფიდის თქმით, ისრაელი რუსეთისგან ბოდიშს ელოდა. 

გასული კვირის პარასკევს, 13 მაისს, როდესაც ისრაელის საჰაერო ძალებმა სირიაში იერიში მიიტანეს, ცნობების მიხედვით, მათ სირიაში მყოფმა რუსულმა ძალებმა С-300-ის ტიპის ჰაერსაწინააღდეგო სისტემიდან ცეცხლი გაუხსნეს.

რამდენიმე დღის შემდეგ, ისრაელმა უკრაინაში ჩაფხუტები და ტყვიაგაუმტარი ჟილეტები გაგზავნა. ისრაელის თავდაცვის მინისტრის თქმით, ეს აღჭურვილობა სამოქალაქო ორგანიზაციისა და სამაშველო ძალების წარმომადგენლებს მოხმარდებოდა.

ასევე, მიხაილ ბოგდანოვმა რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან მეორე დღეს გამოიძახა ისრაელის ელჩი მოსკოვში და ჰკითხა, თუ რატომ ჰქონდა ისრაელის მთავრობას უკრაინის "ნაცისტური" მთავრობის მიმართ კარგი დამოკიდებულება.

ისრაელის მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა მათ მიმართ ლავროვის სიტყვების გამო ბოდიში მოიხადა.

კომენტარები