რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

გაერო: უკრაინაში რუსულ აგრესიას 3 752 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა – 250 ბავშვია

Reuters

გაეროს განახლებული მონაცემებით, რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრიდან დღემდე, ოკუპანტების აგრესიას 3 752 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის 250 ბავშვია. სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო 4 062-მა მშვიდობიანმა მოქალაქემ.

გაეროს ანგარიშში ვკითხულობთ, რომ დაღუპულ მოქალაქეთა უმრავლესობა საჰაერო შეტებებისას, სარაკეტო თავდასხმებს ემსხვერპლა. მათივე ცნობით, მსხვერპლთა რეალური რაოდენობა გაცილებით მაღალია, რადგან ზუსტი ინფორმაციის მიღება ზოგიერთი ადგილიდან, სადაც ინტენსიური საომარი მოქმედებები მიმდინარეობს, კვლავ ვერ ხერხდება, მაგალითად - მარიუპოლიდან, იზიუმიდან და პოპასნაიადან.

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები