რუსეთ-უკრაინის 2022 წლის ომი

იელენი: უკრაინა მნიშვნელოვან ფინანსურ მხარდაჭერას საჭიროებს

FED-ის თავმჯდომარე ჯანეტ იელენი
Joshua Roberts / REUTERS

აშშ-ის სახელმწიფო ხაზინის მდივანმა, ჯანეტ იელენმა აშშ-ს მოკავშირეებს უკრაინისთვის ფინანსური დახმარების გაზრდისკენ მოუწოდა. მისი თქმით, იმის ფონზე, რომ უკრაინა რუსეთთან ომშია ჩართული, კიევისთვის ამ დრომდე გამოყოფილი ფინანსური დახმარების პაკეტი ქვეყნის მოკლევადიან საჭიროებებს ვერ დააკმაყოფილებს.

ბრიუსელის ეკონომიკურ ფორუმზე მყოფმა იელენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ "უკრაინა მნიშვნელოვან ფინანსურ მხარდაჭერას საჭიროებს" და ქვეყნის მთავრობა ამ დრომდე ფუნქციონირებას ხელისუფლების წარმომადგენლების გონებამახვილობისა და სიმამაცის წყალობით განაგრძობს.

"მომდევნო თვეებში, სანამ გადასახადების გადახდა განახლდება, უკრაინას ჯარისკაცების, დასაქმებულებისა და პენსიონერების დაფინანსებისთვის ბიუჯეტი დასჭირდება. ასევე, ეკონომიკის ფუნქიონირებისთვის, რომელიც მოქალაქეების ძირითადი საჭირობებისთვის აუცილებელია. მოკლე დროში, მას [უკრაინას] კრიტიკულად მნიშვნელოვანი კომუნალური მომსახურებისა და სერვისების აღდგენა დასჭირდება

ნათელია, რომ ამ დრომდე გამოცხადებული ბილატერიალური [ორმხრივი ვალდებულების დამკისრებელი] და მულტილატერიალური [მრავალმხრივი ვალდებულების დამკისრებელი] მხარდაჭერა უკრაინის ძირითადი საჭირობებისთვის საკმარისი არ იქნება". - თქვა იელენმა.


19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები