რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პუტინი ფინეთი-შვედეთზე: მათ ხარჯზე NATO-ს გაფართოებით პირდაპირი საფრთხე არ გვექმნება

Reuters

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თქმით, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანების შესაძლებლობა რუსეთისთვის პირდაპირ საფრთხეს არ წარმოადგენს.

"რაც შეეხება [NATO-ს] გაფართოებას, ახალ წევრებს ფინეთსა და შვედეთს – ძვირფასო კოლეგებო, მინდა გაცნობოთ, რომ რუსეთს ამ სახელმწიფოებთან პრობლემა არ აქვს. ამიტომ, ამ თვალსაზრისით, ამ ქვეყნების ხარჯზე [NATO-ს] გაფართოებით რუსეთისთვის პირდაპირი საფრთხე არ იქმნება, თუმცა ამ ტერიტორიაზე სამხედრო ინფრასტრუქტურის განთავსება აუცილებლად გამოიწვევს ჩვენს საპასუხო რეაქციას და როგორი იქნება ის, განპირობებული იქნება იმ საფრთხეებით, რომლებიც შეგვექმნება. ფაქტობრივად, პრობლემა ნულიდან იქმნება. 

ამ უსასრულო გაფართოების პოლიტიკის გარდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ცდება თავის გეოგრაფიული დანიშნულების ფარგლებსაც, ევრო-ატლანტიკის ფარგლებს, ცდილობს უფრო და უფრო აქტიურად ჩაერთოს საერთაშორისო საკითხებში და გააკონტროლოს საერთაშორისო სიტუაცია უსაფრთხოების თვალსაზრისით, ჰქონდეთ გავლენა მსოფლიოს სხვა რეგიონებში. ეს, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან დამატებით ყურადღებას მოითხოვს". - თქვა პუტინმა.


ამასთან ერთად, კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განმარტა, თუ რატომ განსხვავდება რუსეთის რეაქცია უკრაინისა და ფინეთ-შვედეთის NATO-ში გაწევრიანების შესახებ. პესკოვმა ყურადღება გაამახვილა, რომ რუსეთს არ აქვს ტერიტორიული დავა არც ფინეთთან და არც შვედეთთან მაშინ, როდესაც უკრაინა "შეიძლება გახდეს NATO-ს წევრი, შემდეგ მოსკოვს ტერიტორიული დავა ექნება ალიანსის წევრ სახელმწიფოსთან, რაც უზარმაზარ რისკებს შეიცავს მთელი კონტინენტისთვის".

15 მაისს NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იან სტოლტენბერგმა აღნიშნა, ის დარწმუნებულია, რომ ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანების საკითხზე თურქეთის წინააღმდეგობის მიუხედავად, ალიანსი შეძლებს დისკუსიისა და განხილვების შედეგად საერთო ენის გამონახვას და კონსენსუსის მიღწევას

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანების საკითხს პესიმისტურად აფასებს. ერდოღანის თქმით, გაფართოებაზე წევრი ქვეყნები ერთსულოვნად უნდა შეთანხმდნენ. ასევე, მისი აზრით, საბერძნეთის NATO-ში შესვლა შეცდომა იყო.

12 მაისს ფინეთის პრეზიდენტმა და პრემიერმინისტრმა საერთო განცხადება გამოაქვეყნეს, რომ ფინეთმა NATO-ში გაწევრიანების განაცხადი დაუყოვნებლივ უნდა შეიტანოს". რუსეთის უკრაინაში შეჭრამ უსაფრთხოების პოლიტიკის სასწრაფო გადახედვა გამოიწვია როგორც შვედეთში, ასევე ფინეთში.  

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ფინეთში, საჯარო კვლევებში NATO-ში გაწევრიანება ქვეყნის უმრავლესობამ პირველად მოინდომა. მოსახლეობაში ალიანსის წევრობის სურვილი, წინა მონაცემებთან შედარებით, 19%-ით, 62%-მდე იყო გაზრდილი.

კომენტარები