რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

"გაზპრომის" აქციების ფასი 2009 წლის შემდეგ პირველად 100 რუბლს ჩამოსცდა

Gazprom-ის სათავო ოფისი
newsweek.com

რუსეთის სახელმწიფო მფლობელობაში არსებული უმსხვილესი ენერგოკომპანია "გაზპრომის" აქციები 22 ივნისს 100 რუბლს ჩამოსცდა, რაც 2009 წლის შემდეგ პირველი შემთხვევაა. ინფორმაციას გამოცემა Reuters მოსკოვის საფონდო ბირჟაზე დაყრდნობით ავრცელებს.

აქამდე "გაზპრომის" აქციებზე გავლენა სხვადასხვა ფაქტორს ჰქონდა, მათ შორის ევროპის გადაწყვეტილებას, რომ უკრაინაში პუტინის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ რუსულ ენერგიაზე უარი ეთქვა. ვარდნის განმაპირობებელი ასევე აშშ-ირანის მოლაპარაკებებზე პროგრესი და ჩინეთთან ბუნებრივ აირზე ახალი შეთანხმების მიღწევის მხრივ წარუმატებლობა იყო.

ანალიტიკოსების თქმით, აქციების ფასების ვარდნაზე გავლენა იქონია გასულ კვირას "გაზპრომ ნეფტის" მფლობელობაში არსებულ მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე უკრაინის იერიშებმაც. 

ბოლო ერთი წლის განმავლობაში "გაზპრომის" აქციები თითქმის მეხუთედით შემცირდა, რის შედეგადაც კომპანიის საბაზრო ღირებულებამ 2.382 ტრილიონი რუბლი ($32.15 მილიარდი) შეადგინა მაშინ, როცა 2008 წელში ხელმძღვანელობის მიერ დაპირებული ღირებულება $1 ტრილიონი იყო.

პარალელურად, "გაზპრომის" გარდა ორშაბათს 4%-იანი ვარდნა განიცადა ზოგადად რუსულმა აქციებმაც, რის შედეგადაც MOEX-ის ინდექსი 2023 წლის მარტის მაჩვენებლამდე დავარდა. MOEX ინდექსი 50 უმსხვილესი რუსული კომპანიის აქციების ფასების დინამიკას ასახავს.

კომენტარები