მიხეილ სააკაშვილი

საპატრიარქო: პატრიარქსა და პრემიერს შორის გამართული საუბარი მიხეილ სააკაშვილს არ ეხებოდა

საქართველოს საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქო უარყოფს, რომ პატრიარქმა და პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ისაუბრეს. 

"გუშინ, 2022 წლის 15 მაისს, ჟურნალისტებთან საუბრისას ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი) კომენტარი გააკეთა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საავადმყოფოში გადაყვანასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ეს არის საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-სთან შეხვედრის შედეგი.

 საქართველოს საპატრიარქო მოხარულია, რომ ბატონი მიხეილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, მოხდა მისი საავადმყოფოში გადაყვანა, რათა მას სათანადო სამედიცინო დახმარება გაეწიოს. თუმცა დავძენთ, რომ კათოლიკოს-პატრიარქსა და პრემიერს შორის გამართული საუბარი ამ საკითხს არ ეხებოდა და, ამდენად, ეს შეხვედრა არ გამხდარა ზემოაღნიშნულის მიზეზი".- აღნიშნულია განცხადებაში. 

"პრემიერმინისტრის პატრიარქთან შეხვედრის შედეგი იყო სააკაშვილის საავადმყოფოში გადაყვანა"- თქვა კუმორდოს, კარისა და ახალქალაქის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა თქვა საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანის შესახებ.


საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ვივამედის კლინიკაში 12 მაისს გადაიყვანეს. 

იუსტიციის მინისტრმა მიხეილ სააკაშვილს კლინიკა ვივამედში გადაყვანა 10 მაისს შესთავაზა, რასაც ექსპრეზიდენტი დათანხმდა, თუმცა, თავისი პირობები დაასახელა.

სახალხო დამცველის მიერ ჩამოყალიბებული სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ცილოვანი შიმშილი აქვს. კონსილიუმის წევრის, ნევროლოგ თენგიზ წულაძის განმარტებით, იმ პირობებში, როცა მიხეილ სააკაშვილს საჭირო ცილები არ მიეწოდება, იგი საკუთარ ორგანიზმს შლის, რასაც დეპრესია ემატება და ანორექსიას იწვევს.

სახალხო დამცველის მიერ ჩამოყალიბებულმა ექსპერტთა ჯგუფმა მიხეილ სააკაშვილი 22 აპრილს მოინახულა. ომბუდსმენის, ნინო ლომჯარიას რეკომენდაციით, საჭიროა ჩამოყალიბდეს სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით შემდგომ ნაბიჯებზე იმსჯელებს.

თავად მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ უცხოეთში გადაყვანას ითხოვს.

კომენტარები