მიხეილ სააკაშვილი

მეუფე ნიკოლოზი: პრემიერის პატრიარქთან შეხვედრის შედეგია სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანა

პალიტრანიუსი/კადრი ვიდეოდან

"პრემიერმინისტრის პატრიარქთან შეხვედრის შედეგი იყო სააკაშვილის საავადმყოფოში გადაყვანა"- ამის შესახებ კუმორდოს, კარისა და ახალქალაქის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა თქვა საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანის შესახებ. 

მეუფე ნიკოლოზი ამბობს, რომ ამის გამო "მადლობელი უნდა იყოს ყველა". 

"პატრიარქი შეხვდა პრემიერმინისტრს, არა არის აუცილებელი რომ ყველა დეტალი ვიცოდეთ ამ საუბრის. შედეგი იყო ის, რომ სააკაშვილი გადაიყვანეს საავადმყოფოში და მადლიერი უნდა იყოს ადამიანი ამისთვის, ყველა: ოჯახის წევრიც, საზოგადოებაც. ასე რომ ყველაფერი კარგად არის და მე დარწმუნებული ვარ, რომ ბატონ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას საფრთხე, ნუ რამდენადაც შესაძლებელია, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იქნება"- ამბობს მეუფე ნიკოლოზი. 

კითხვაზე, თუ რატომ არ ხვდება პატრიარქი სააკაშვილის ოჯახის წევრებს, მეუფე ნიკოლოზი პასუხობს, რომ "არ არის საჭირო ხელოვნურად პატრიარქის ჩართვა პოლიტიკურ პროცესებში". 

საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ვივამედის კლინიკაში 12 მაისს გადაიყვანეს. 

იუსტიციის მინისტრმა მიხეილ სააკაშვილს კლინიკა ვივამედში გადაყვანა 10 მაისს შესთავაზა, რასაც ექსპრეზიდენტი დათანხმდა, თუმცა, თავისი პირობები დაასახელა.

სახალხო დამცველის მიერ ჩამოყალიბებული სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ცილოვანი შიმშილი აქვს. კონსილიუმის წევრის, ნევროლოგ თენგიზ წულაძის განმარტებით, იმ პირობებში, როცა მიხეილ სააკაშვილს საჭირო ცილები არ მიეწოდება, იგი საკუთარ ორგანიზმს შლის, რასაც დეპრესია ემატება და ანორექსიას იწვევს.

სახალხო დამცველის მიერ ჩამოყალიბებულმა ექსპერტთა ჯგუფმა მიხეილ სააკაშვილი 22 აპრილს მოინახულა. ომბუდსმენის, ნინო ლომჯარიას რეკომენდაციით, საჭიროა ჩამოყალიბდეს სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით შემდგომ ნაბიჯებზე იმსჯელებს.

თავად მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ უცხოეთში გადაყვანას ითხოვს.

კომენტარები