საპენსიო სესხები

აზარაშვილი: საპენსიო ტენდერში ისევ ლიბერთი ბანკმა გაიმარჯვა – სესხების პროცენტი 25.8 იქნება

საქართველოს მთავრობა

ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის თქმით, საპენსიო ტენდერში კვლავ ლიბერთი ბანკმა გაიმარჯვა. მინისტრმა განმარტა, რომ პენსიონერებისთვის გაცემული სესხები რეფინანსირების განაკვეთზე იქნება მიბმული და მათზე საპროცენტო განაკვეთი, დღეის მდგომარეობით, 25.8% იქნება.

"დღეს დასრულდა ტენდერი, რომელიც გამოცხადებული გვქონდა ჩვენი პენსიონერებისთვის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული პირობებით. ტენდერში გაიმარჯვა იგივე ბანკმა, ლიბერთი ბანკმა, რომელიც წლებია ემსახურება პენსიონერებს. ეს მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ მათ აქვთ შესაბამისი გამოცდილება და ინფრასტრუქტურა. პირობა იყო 7 წლიანი მომსახურების შესახებ. აქ ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ის სესხები, რომლებსაც პენსიონერებისთვის გასცემენ, მიბმული იქნება რეფინანსირების განაკვეთზე და იქნება მაქსიმუმ +15%, რომელიც დღეის მდგომარეობით უკვე 25.8%-ია, ნაცვლად 30.6%-ისა, რომელიც ჰქონდათ. გამომდინარე იქიდან, რომ რეფინანსირების განაკვეთის შემცირების მოლოდინები გვაქვს, ეს განაკვეთიც მნიშვნელოვნად შემცირდება და ამ წლების განმავლობაში კიდევ უფრო გაუიაფდებათ პენსიონერებს სესხი და მომსახურების პირობები". – თქვა ჯანდაცვის მინისტრმა.

საბანკო მომსახურების პირობების განსაზღვრის უწყებათაშორისმა კომისიამ საპენსიო მომსახურების ცვლილებებზე მუშაობა თებერვალში დაიწყო. არსებული მდგომარეობით, საპენსიო სესხებზე ეფექტური წლიური საპროცენტო განაკვეთი 30.65% იყო და მას ლიბერთი ბანკი გასცემს.

კომენტარები