ნიკა გვარამიას საქმე

ხალვაში გვარამიაზე: დამნაშავეებმა აანაზღაურონ R2-სთვის მიყენებული მრავალმილიონიანი ზიანი

http://exclusivenews.ge

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მფლობელი ქიბარ ხალვაში ნიკა გვარამიასთვის შეფარდებულ სასჯელს ეხმაურება და აცხადებს, რომ ფინანსური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით სამოქალაქო სარჩელის შეტანას აპირებს. 

"დღევანდელი გადაწყვეტილებით დადასტურდა მარტივი სამართლებრივი ჭეშმარიტება, რომ კომპანია ინტერმედიასთან გარიგების დადების გზით, რუსთავი 2-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ, ტელეკომპანიის მაშინდელი არაკანონიერი მფლობელების თანხმობით, რუსთავი 2-ს განზრახ 6.  მილიონი ლარის ოდენობის ფინანსური ზიანი მიაყენა.

ზიანი ახლაც მძიმე ტვირთად აწევს რუსთავი 2-ს, რომელიც ქართული და სტრასბურგის სასამართლოების გადაწყვეტილებებით, 2019 წელს კანონიერ მფლობელს დაუბრუნდა. რუსთავი 2-ისთვის ზიანის მიყენების მოტივი გახლდათ ის გარემოება, რომ ტელეკომპანიის მაშინდელი არაკანონიერი მფლობელებისა და გენერალური დირექტორის საფუძვლიანი ვარაუდით, რუსთავი 2 კანონიერ მფლობელს უსათუოდ დამიბრუნდებოდა. მათ თავად იცოდნენ, რომ ტელეკომპანიის შენარჩუნების არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ ჰქონდათ, რაც საბოლოოდ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომაც დაადასტურა.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ის გარემოება, რომ ტელეკომპანიისთვის ზიანის მიყენება გაგრძელდა მას შემდეგაც, რაც სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების აღსრულება დროებით შეაჩერა. ეს ნიშნავს, რომ ნიკა გვარამიამ ბოროტად ისარგებლა სტრასბურგის სასამართლოს მიერ შეფარდებული დროებითი ზომით, მისი გამოყენებით ტელეკომპანიას დამატებით რამდენიმე მილიონი ლარის ოდენობის ზიანი მიაყენა, რაც სტრასბურგის სასამართლოს მიმართ უდიერი დამოკიდებულების მკაფიო გამოვლინებაა.

მოვუწოდებ დამნაშავეებს, სრულად აანაზღაურონ ტელეკომპანიისთვის მიყენებული მრავალმილიონიანი ზიანი. ამ მიზნით, სისხლის სამართლის განაჩენის საფუძველზე, დაუყოვნებლივ წარვადგენ სამოქალაქო სარჩელს სასამართლოში," - ნათქვამია ქიბარ ხალვაშის განცხადებაში, რომელსაც რუსთავი 2 ავრცელებს.


16 მაისს მთავარი არხის დირექტორს ნიკა გვარამიას მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ 50 000-ლარიანი ჯარიმა და 3 წლის და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასჯელის შთანთქმის პრინციპით გვარამიას ჯარიმა მოეხსნა და საბოლოო სასჯელად პატიმრობა დარჩა. მოსამართლის განკარგულებით, მთავარი არხის დირექტორი სასამართლო დარბაზში დააკავეს. 

ნიკა გვარამია რუსთავის 2-ის საქმეზე რამდენიმე მუხლით იყო ბრალდებული (ყალბი დოკუმენტაციის დამზადება, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია, კომერციული მოსყიდვა და ქონების გაფლანგვა). მოსამართლემ პირველ სამ ბრალდებაში გაამართლა, გაფლანგვის მუხლი კი, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით გადაუკვალიფიცირა. ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ე.წ 2015 წლის ეპიზოდზე მთავარი არხის დირექტორს 50 000- ლარიანი ჯარიმა მიესაჯა, ხოლო ე.წ ავტომანქანის ეპიზოდზე თავისუფლების აღკვეთა. 

"უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელი და საბოლოოდ, ნიკა გვარამიას დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვროს 3 წლისა და 6 თვის ვადით" - განაცხადა მოსამართლემ.

რაც შეეხება ნიკა გვარამიასთან ერთად ბრალდებულებს, სასამართლომ ზურაბ იაშვილი გაამართლა, ხოლო კახაბერ დამენიას 50 000-დოლარიანი ჯარიმა დაუწესა.

კომენტარები