ევროვიზია 2022

უკრაინა ევროვიზია 2022–ის გამარჯვებულია

REUTERS/Yara Nardi

ევროვიზია 2022-ის გამარჯვებული უკრაინული ჯგუფი Kalush Orchestra გახდა. ჯგუფმა სიმღერა Stefania შეასრულა. 

ქართველმა მაყურებელმა უკრაინას მაქსიმალური შეფასება 12 ქულა მიანიჭა, ეროვნულმა ჟიურიმ კი 6 ქულა. თუმცა, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ჟიურიმ უმაღლესი შეფასება, 12 ქულა, უკრაინას მისცა, რასაც, მათი განმარტებით, ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტიც მოწმობს.  მათივე ცნობით, საზოგადოებრივი მაუწყებელი ამ საკითხთან დაკავშირებით ევროვიზიის კონკურსის ორგანიზატორებთან დეტალებს არკვევს.

40 ქვეყნის ეროვნული ჟიურის და მაყურებლების ჯამური ხმებით, უკრაინამ 631 ქულა მიიღო.

ფინალში Kalush Orchestra-მა სიმღერის დასრულების შემდეგ მსოფლიოს აზოვსტალის დახმარებისკენ მოუწოდა. 

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის გამარჯვებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "ერთ დღეს ევროვიზიის მონაწილეებსა და სტუმრებს მარიუპოლი უმასპინძლებს". 

"ჩვენი სიმამაცე შთაბეჭდილებას ახდენს მსოფლიოზე, ჩვენი მუსიკა იპყრობს ევროპას! მომავალ წელს ევროვიზიას უკრაინა უმასპინძლებს! უკვე მესამედ თავის ისტორიაში. და მჯერა, რომ არა უკანასკნელად". - თქვა პრეზიდენტმა. 

ვოლოდიმირ ზელენსკიმ Kalush Orchestra-ს გამარჯვებისთვის მადლობა გადაუხადა. 

"დიდი მადლობა  Kalush Orchestra-სა და ყველას, ვინც ხმა მოგვცა. რა თქმა უნდა, მტერთან ბრძოლაში ჩვენი გამარჯვების აკორდი შორს არაა". - წერს ზელენსკი.

საქართველოს 2022 წლის ევროვიზიაზე Circus Mircus წარმოადგენდა, რომელიც ფინალში ვერ გადავიდა. 

კომენტარები