რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

Politico: ბერლინის მერს ქალაქში აქტივისტების მიერ რუსეთის დროშებით გამოსვლის გამო აკრიტიკებენ

Carsten Koall/Getty Images

გამოცემა Politico-ს ცნობით, ბერლინის მერი, ფრანცისკა გიფაი გერმანიის დედაქალაქში უკრაინაში მიმდინარე ომში კრემლის მხარდასაჭერად აქტივისტების მიერ რუსეთის დროშებით გამოსვლის გამო გააკრიტიკეს, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ უკრაინის მხარდამჭერ აქტივისტებს პოლიცია დროშებს ართმევდა.

გიფეის გადაწყვეტილებით, ბერლინის პოლიციამ 8 და 9 მაისს ქალაქის გარკვეულ რაიონებში რუსეთისა და უკრაინის დროშებით გამოსვლა აკრძალა, თუმცა დროშებით გამოსვლის სრულად პრევენცია ვერ მოახერხა.

გერმანიის ქრისტიან დემოკრატიული პარტიის ბერლინის ოფისის გენერალურმა მდივანმა, შტეფან ევერსმა, რომელიც სოციალ დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლის, გიფაის მთავარი ოპონენტია, გუშინ რუსეთის დროშების ფოტოები გამოაქვეყნა, რომლებიც აკრძალვის მიუხედავად მაინც გამოიტანეს და მომხდარს "ბერლინის სირცხვილი" უწოდა.

"გუშინ აქტივისტებს უკრაინის დროშები ჩამოართვეს. დღეს კი პუტინის მხარდამჭერები საბჭოთა ომის მემორიალთან რუსეთის დროშებს ბედნიერები აფრიალებდნენ". - წერს ევერსი Twitter-ზე.

ბერლინის მერის გადაწყვეტილებას უკრაინაშიც გამოეხმაურნენ. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას თქმით ბერლინმა უკრაინული სიმბოლოების აკრძალვით შეცდომა დაუშვა და მის რუსულ სიმბოლოებთან გათანაბრებას ღრმად არასწორი უწოდა.

"მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის უკრაინის დროშების ჩამორთმევა – ეს არის თავდასხმა მათზე ვინც ახლა ევროპასა და გერმანიას რუსული აგრესიისგან, ამ დროშით ხელში, იცავს". - წერს კულება.

გამოცემის ცნობით, კრიტიკას პასუხად გიფეიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ არა მთელ ქალაქს, არამედ ომის მემორიალების ტერიტორიებს ეხებოდა, თუმცა ამ ახნამ სიტუაციის განმუხტვა ვერ მოახერხა.

კომენტარები