რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

იტალიამ პუტინთან დაკავშირებული იახტის ჩამორთმევის გადაწყვეტილება მიიღო

Scheherazade

იტალიის ხელისუფლებამ $700 მილიონის ღირებულების იახტის - შეჰერეზადას ჩამორთმევის გადაწყვეტილება მიიღო. იახტა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან არის დაკავშირებული. შეჰერაზადა გასული წლის სექტემბრიდან ტოსკანას პორტში სარემონტო სამუშაოებს გადიოდა.

იტალიის ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მნიშვნელოვანი ეკონომიკური და საქმიანი კავშირები არსებობს იმ პირს, ვინც შეჰერეზადას ოფიციალურად ფლობს და "რუსეთის ხელისუფლების თვალსაჩინო წარმომადგენლებს, ასევე სხვა სუბიექტებს შორის, რომლებსაც რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ სანქციები დაუწესდათ".

იტალიის პოლიცია შეჰერეზადას ნამდვილი მფლობელის ვინაობის დადგენას ცდილობს. იახტა გერმანულმა კომპანიამ Luerssen–მა 2020 წელს ააშენა, მას ორი ვერტმფრენის სადესანტო მოედანი, აუზი და კინოთეატრი აქვს.

ამასთან ერთად, იტალიამ რუსეთის სანქცირებულ პირებს მარტსა და აპრილში 900 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების ვილები და იახტები ჩამოართვა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები