რუსეთი

შეჰერეზადას საიდუმლო, პუტინის $700 მილიონიანი იახტა – ნავალნის გუნდის ახალი გამოძიება

"დღეს ჩვენ გთავაზობთ მსოფლიოში საუკეთესო და ყველაზე მშვენიერ საქმეს. დღეს ჩვენ პუტინს 700 მილიონ დოლარს, ანუ დღევანდელი კურსით 75 მილიარდ რუბლს წავართმევთ. ამისთვის ჩვენ პირველ რიგში დაგვჭირდება ევროკავშირის სანქციების სია და შემდეგ იტალიაში გამგზავრება" - ასე იწყება რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნის გუნდის ახალი საგამოძიებო ვიდეო.

ვიდეოში მარია პევჩიკი და გეორგი ალბუროვი ნავალნის გუნდის გამოძიების შედეგებს წარმოადგენენ, რომლის მიხედვითაც იტალიის პორტში გაჩერებული სუპერიახტა შეჰერეზადა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს ეკუთვნის. იახტასა და პუტინს შორის შესაძლო კავშირებზე უკვე წერდა ამერიკული გამოცემა The New York Times-ი.

პევჩიკი და ალბუროვი აღნიშნავენ, რომ პუტინის საკუთრებასთან დაკავშირებულ გამოძიებებში მთავარია იმაზე დაკვირვება, თუ ვინ მართავს ამ საკუთრებას და არა ის, თუ ვისზეა ეს საკუთრება გაფორმებული. წარსულში იმის დასამტკიცებლად, გელენჯიკის მახლობლად მდებარე სასახლე პუტინს ეკუთვნოდა, ნავალნის გუნდმა აჩვენა, რომ სასახლის შენახვის ხარჯებს პუტინის მეგობრები იხდიდნენ, ის ანონიმურ ადამიანებზე იყო გაფორმებული, ხოლო სასახლის მშენებლობის და მოპირკეთების სამუშაოებით რუსეთის დაცვის ფედერალური სამსახურის (ФСО) თანამშრომლები იყვნენ დაკავებული. ФСО სახელმწიფო სამსახურია, რომელსაც მაღალი თანამდებობის პირების, მათ შორის პირველ რიგში პუტინის უსაფრთხოების უზრუნველყოფა ევალება.

"თუ იახტის მფლობელის დადგენა შეუძლებელია (მფლობელი რაღაც ოფშორია მარშალის კუნძულებიდან) მაშინ ჩვენ შევეცდებით დავადგინოთ, ვინ მუშაობს იახტაზე და ვინ უხდით მათ ფულს" - ამბობს ნავალნის გუნდი.

ნავალნის გუნდის ცნობით, მათ მოიპოვეს იახტის ეკიპაჟის წევრების სია, რომელიც იტალიის პორტში Marina di Carrara-შია შედგენილი. სწორედ ამ პორტში დგას იახტა შეჰერეზადა. სიიდან ირკვევა, რომ მხოლოდ კაპიტანი გაი ტომასია ბრიტანელი. სწორედ მას ესაუბრა გამოცემა NYT. ტომასმა უარყო, რომ იახტა პუტინს ეკუთვნის. ეკიპაჟის სხვა წევრები რუსები არიან. სიაში ასევე მითითებულია ეკიპაჟის წევრების დაბადების თარიღები და პასპორტის მონაცემებიც. ნავალნის გუნდმა ეს მონაცემები ავიაფრენების გაჟონილ მონაცემთა ბაზაში იპოვა და დაადგინა, რომ ისინი მილანში სისტემატურად დაფრინავენ. მილანი იახტის მომსახურების ადგილიდან უახლოესი ქალაქია.

ნავალნის გუნდმა ეკიპაჟის დიდი ნაწილი რუსეთის დაცვის ფედერალური სამსახურს დაუკავშირა. მათი ნაწილის ტელეფონის ნომრები სატელეფონო კონტაქტების ამოცნობის აპლიკაციაში იძებნება. აპლიკაცია აჩვენებს, როგორ აქვთ ეს ნომრები ჩაწერილი სხვადასხვა ადამიანებს. ამ ბაზაში იახტის ეკიპაჟის წევრების ნომრების გატარების დროს ჩანს, რომ ეს ნომრები მომხმარებლებს ჩაწერილი აქვთ როგორც Сергей Г ФСО, Саня ФСБ, Александр ФСО, ФСО Сергей Брикалов, Виталий ФСО, Виталий ФСБ, Виталя Яхт, ФСО Коблев Сергей.

გარდა ამისა, ნავალნის გუნდი აღნიშნავს, რომ გაჟონილ მონაცემთა ბაზაში ეკიპაჟის წევრების სახელების გადამოწმებისას იკვეთება, რომ ისინი ერთსა და იმავე მისამართთან არიან დაკავშირებული - ქალაქი სოჭი, ფურმანოვის ქუჩა, სახლი 10, (ზოგი ამ მისამართზეა რეგისტრირებული, ზოგს ეს მისამართი სამსახურის მისამართად აქვთ მითითებული). ნავალნის გუნდი აღნიშნავს, რომ ამ მისამართზე მდებარეობს დაცვის ფედერალური სამსახურის კავკასიის ოფისი. ეს ოფისი კი ზრუნავს პუტინის ცხოვრებაზე მის ერთ-ერთ საყვარელ რეზიდენციაში - ბოჩაროვ რუჩეიში. გამოძიების მასალების მიხედვით, იახტის ეკიპაჟის წევრების ნაწილის მონაცემთა ბაზაში გადამოწმების დროს ჩანს, რომ მათი სამსახურის ადგილად პირდაპირ დაცვის ფედერალური სამსახურია მითითებული.

"ეკიპაჟის წევრების სიის პირველ ორ გვერდზე 23 ადამიანს ვხედავთ, რომელთა ნახევარი ФСО-სთან არის დაკავშირებული. არ შეგვიძლია მოვიფიქროთ უკეთესი მტკიცებულება იმისა, რომ ეს იახტა პუტინს ეკუთვნის. იტალიაშიც კი, მოსკოვიდან ათასობით კილომეტრის დაშორებით, ამ იახტაზე მუშაობენ ადამიანები, რომლებიც ოფიციალურად ირიცხებიან პუტინის დაცვაში და პირად პერსონალში - იგივე ადამიანები, რომლებიც უზრუნველყოფენ პუტინის ყოფას მის რეზიდენციებში, მის მოგზაურობებში, მთელი მისი ცხოვრება ერთად დაფრინავენ იტალიაში და მუშაობენ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძვირიან იახტაზე" - ამბობს ნავალნის გუნდი.

ნავალნის გუნდი აღნიშნავს, რომ პუტინის ქონება მის უახლოეს გარემოცვაზეა გაფორმებული და ეს წარსულ გამოძიებებშიც გამოიკვეთა.

"დარწმუნებული ვართ, რომ შეჰერეზადას შემთხვევაშიც ასე იქნება. შორეული კუნძულებზე დამალული ოფშორი პუტინის მორიგ ძმობილზე იქნება გაფორმებული. მნიშვნელოვანი ის არის, რომ შეჰერეზადას ნამდვილ მფლობელს ФСО იცავს. სახელმწიფო უწყება, დაცვის სამსახური, რუსი სახელმწიფო მოხელეები და სამხედროები რატომღაც იტალიაში დაფრინავენ და იახტაზე მუშაობენ.

ამ ფარისევლობაში ჩანს მთელი პუტინი. მან იმდენად დაკარგა კავშირი რეალობასთან, რომ არა მხოლოდ ყიდულობს იახტას, რომლის ფასიც კალუგას რეგიონის წლიურ ბიუჯეტს აღემატება, არამედ დაცვის ფედერალური სამსახურის სამხედრო პერსონალსაც აგზავნის ამ გიჟურ იახტაზე.

მოვითხოვთ შეჰერეზადეს იახტის დაუყოვნებლივ დაკავებას და ჩამორთმევას. ვითხოვთ საბუთების გასაჯაროებას - ვინ, როდის და როგორ გადაიხადა ამ გემის მშენებლობის, გაფორმების და მოვლის საფასური. იმიტომ რომ ჩვენი ფულით იხდიდნენ - რუსი პენსიონერებისთვის მოპარული ფულით, მასწავლებლებისა და ექიმებისთვის მოპარული ფულით, ჯარისკაცებისთვის მოპარული ფულით, რომლებსაც მოტყუებით და 7 წლის ვადაგასული საჭმლით სიკვდილზე გზავნიან უკრაინაში ომში, რომელიც მხოლოდ პუტინს სჭირდება.

შეჰერეზადა გაკეთებულია აუშენებელი საავადმყოფოების, დანგრეული სკოლების და საპენსიო ასაკამდე გარდაცვლილი მშობლების ხარჯზე. შორეული კოსმოსის ათვისების პირობის, რუსული მრეწველობის და ძლიერი, ინოვაციური ეკონომიკის აშენების ნაცვლად პუტინმა შეჰერეზადა აიშენა" - ამბობს ნავალნის გუნდი.

კომენტარები