რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

აზოვსტალის ქარხნიდან მოქალაქეების გამოყვანას ამ წუთებში ვცდილობთ – ერმაკი

აზოვსტალის ქარხანა 2022 წლის აპრილის ბოლო რიცხვებში

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი ამბობს, რომ მარიუპოლის აზოვსტალის ფოლადის ქარხანაში უკრაინელ მებრძოლებთან ერთად მყოფი მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციას "ამ წუთებში" ცდილობენ.

ერმაკი სამაშველო ოპერაციის მიმდინარეობის დეტალებზე არ საუბრობს, მისივე სიტყვებით, უკრაინა საკითხზე განახლებულ ინფორმაციას გამოაქვეყნებს. 

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა გუშინ, 6 მაისს გაეროს უშიშროების საბჭოს უთხრა, რომ აზოვსტალში მყოფი ხალხის გადარჩენის ახალი ეტაპი მიმდინარეობს. 

ერმაკის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც გაეროს სამაშველო ოპერაცია დაიწყო, მარიუპოლიდან, დაახლოებით, 500 ადამიანი გამოიყვანეს - მათ შორის არის მოქალაქეები, რომლებიც თავს აზოვსტალს აფარებდნენ.  

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მიერ 6 მაისს გავრცელებული ინფორმაციით, მარიუპოლში აზოვსტალის ქარხანაზე კონტროლის დამყარების მიზნით რუსმა ოკუპანტებმა შტურმი განაახლეს

გუშინ, 5 მაისს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინი პუტინმა თქვა, რომ უკრაინის ხელისუფლებამ მის მებრძოლებს, რომლებიც აზოვსტალის ტერიტორიაზე არიან, იარაღის დაყრა და ჩაბარება უნდა უბრძანოს. ამასთან, რუსეთი კვლავ ამტკიცებს, რომ მზად არის ქარხნიდან მშვიდობიანი მოქალაქეები უსაფრთხოდ გამოყვანა უზრუნველყოს. 

რუსი ოკუპანტები მარიუპოლის აზოვსტალის ქარხანაში 4 მაისს შეიჭრნენ. მანამდე ისინი უკრაინელი სამხედროების დაცვის გარღვევას ვერ ახერხებდნენ. ქარხანაში შეჭრამდე ოკუპანტები ტერიტორიას ბომბავდნენ. შეჭრასთან დაკავშირებით ინფორმაციას კრემლი უარყოფს

ამასთან ერთად,უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, ოკუპანტების მიერ აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიის დაკავების მცდელობა წარუმატებლად მიმდინარეობს.

19 აპრილს რუსმა ოკუპანტებმა და მათ მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა აზოვსტალის ქარხანაზე, სადაც მარიუპოლში უკრაინელთა ბოლო ძალებია გამაგრებული, იერიში დაიწყეს. ოკუპანტები იყენებდნენ მძიმე ბომბებს, ხსნიდნენ საარტილერიო და სატანკო ცეცხლს.

20 აპრილს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა თავდაცვის მინისტრ, სერგეი შოიგუსთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ აზოვსტალზე შტურმი მიზანშეწონილი არ არის და მას თავდასხმის გაუქმება უბრძანა.  პუტინმა აზოვსტალის პოლკს დანებებისკენ მოუწოდა და ამტკიცებს, რომ მათი უსაფრთხოება საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით იქნება დაცული.

მაისში რუსმა ოკუპანტებმა აზოვსტალის ქარხანაზე მასიური იერიშები განაახლეს. აქამდე, ქარხნის ტერიტორიაზე მყოფი მშვიდობიანი მოქალაქეების ნაწილის ევაკუაცია შესაძლებელი გახდა.

მარიუპოლის ალყა უკვე რამდენიმე კვირაა, რაც მიმდინარეობს. ქალაქის ძირითადი ნაწილი ოკუპანტებმა დაიკავეს. აზოვსტალის ქარხანაში აზოვის პოლკისა და ეროვნული გვარდიის მებრძოლები არიან გამაგრებული.

მარიუპოლის მცველთა ერთ-ერთმა მეთაურმა, უკრაინის 36-ე საზღვაო ქვეითთა ცალკეული ბრიგადის მაიორმა, სერგიი ვოლინამ ვიდეომიმართვაში მსოფლიოს ლიდერებს დახმარებისთვის მიმართა.

"ვიცავთ ერთ ობიექტს, ქარხანას, სადაც ომში მომწყვდეული მარიუპოლის სამხედრო გარნიზონი და მშვიდობიანი მოქალაქეები იმყოფებიან. მივმართავთ მსოფლიო ლიდერებს დახმარებისთვის. ვთხოვთ გაყვანის პროცედურის შესრულებასა და ჩვენი მესამე ქვეყნის ტერიტორიაზე გადაყვანას. მარიუპოლის გარნიზონში 500-ზე მეტი დაჭრილი ჯარისკაცია, არიან ასობით მოქალაქეები, ქალებისა და ბავშვების ჩათვლით. ვითხოვთ უსაფრთხოების უზრუნველყოფას მესამე ქვეყნის ტერიტორიაზე. მადლობა". – ამბობდა ვოლინა.

კომენტარები