რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთი უარყოფს ინფორმაციას, რომ სამხედროები აზოვსტალის ქარხანაში შეიჭრნენ

კრემლი უარყოფს ინფორმაციას, რომ რუსი სამხედროები მარიუპოლში, აზოვსტალის ფოლადის ქარხანაში შეიჭრნენ. 

უკრაინელი სამხედროების ცნობით, რუსეთის ჯარები ქარხანაში შეიჭრნენ და მათ განადგურებას ცდილობენ.

თუმცა, კრემლის სპიკერი, დმიტრი პესკოვი ინფორმაციას უარყოფს და ამბობს, რომ აპრილში რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ქარხანაზე თავდასხმის გეგმები ოფიციალურად გააუქმა და თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუს უბრძანა, გადაკეტონ ქარხანა "ისე, რომ ბუზმა ვერ გაიფრინოს".  

რუსი ოკუპანტები მარიუპოლის აზოვსტალის ქარხანაში გუშინ, 4 ივლისს შეიჭრნენ.  აქამდე ისინი უკრაინელი სამხედროების დაცვის გარღვევას ვერ ახერხებდნენ. ქარხანაში შეჭრამდე ოკუპანტები ტერიტორიას ბომბავდნენ. 

ამასთან ერთად,უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, ოკუპანტების მიერ აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიის დაკავების მცდელობა წარუმატებლად მიმდინარეობს.

19 აპრილს რუსმა ოკუპანტებმა და მათ მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა აზოვსტალის ქარხანაზე, სადაც მარიუპოლში უკრაინელთა ბოლო ძალებია გამაგრებული, იერიში დაიწყეს. ოკუპანტები იყენებდნენ მძიმე ბომბებს, ხსნიდნენ საარტილერიო და სატანკო ცეცხლს.

20 აპრილს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა თავდაცვის მინისტრ, სერგეი შოიგუსთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ აზოვსტალზე შტურმი მიზანშეწონილი არ არის და მას თავდასხმის გაუქმება უბრძანა.  პუტინმა აზოვსტალის პოლკს დანებებისკენ მოუწოდა და ამტკიცებს, რომ მათი უსაფრთხოება საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით იქნება დაცული.

მაისში რუსმა ოკუპანტებმა აზოვსტალის ქარხანაზე მასიური იერიშები განაახლეს. აქამდე, ქარხნის ტერიტორიაზე მყოფი მშვიდობიანი მოქალაქეების ნაწილის ევაკუაცია შესაძლებელი გახდა.

მარიუპოლის ალყა უკვე რამდენიმე კვირაა, რაც მიმდინარეობს. ქალაქის ძირითადი ნაწილი ოკუპანტებმა დაიკავეს. აზოვსტალის ქარხანაში აზოვის პოლკისა და ეროვნული გვარდიის მებრძოლები არიან გამაგრებული.

მარიუპოლის მცველთა ერთ-ერთმა მეთაურმა, უკრაინის 36-ე საზღვაო ქვეითთა ცალკეული ბრიგადის მაიორმა, სერგიი ვოლინამ ვიდეომიმართვაში მსოფლიოს ლიდერებს დახმარებისთვის მიმართა.

"ვიცავთ ერთ ობიექტს, ქარხანას, სადაც ომში მომწყვდეული მარიუპოლის სამხედრო გარნიზონი და მშვიდობიანი მოქალაქეები იმყოფებიან. მივმართავთ მსოფლიო ლიდერებს დახმარებისთვის. ვთხოვთ გაყვანის პროცედურის შესრულებასა და ჩვენი მესამე ქვეყნის ტერიტორიაზე გადაყვანას. მარიუპოლის გარნიზონში 500-ზე მეტი დაჭრილი ჯარისკაცია, არიან ასობით მოქალაქეები, ქალებისა და ბავშვების ჩათვლით. ვითხოვთ უსაფრთხოების უზრუნველყოფას მესამე ქვეყნის ტერიტორიაზე. მადლობა". – ამბობდა ვოლინა.

კომენტარები