რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

გერაშჩენკო: მოღალატემ ოკუპანტებს აზოვსტალში შესასვლელი გვირაბები აჩვენა

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ანტონ გერაშჩენკოს ინფორმაციით, ოკუპანტებს აზოვსტალის ქარხანაში შესასვლელი გვირაბების შესახებ ინფორმაცია ქარხნის ყოფილმა თანამშრომელმა მიაწოდა. ინფორმაციას UNIAN-ი Telegram-ზე ავრცელებს.

"რუსმა ნაძირალებმა ქარხნის თანამშრომლებს შორის იპოვეს მოღალატე, ელექტრიკოსი, რომელმაც მიწისქვეშ, ქარხანაში შესასვლელი გვირაბები აჩვენა. ოკუპანტებმა მოღალატისგან მიღებული ინფორმაციის შედეგად, გვირაბებზე შტურმი დაიწყეს". - თქვა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა.

Українська правда-ს წყაროს ინფორმაციით, რუსი ოკუპანტები მარიუპოლის აზოვსტალის ქარხანაში შეიჭრნენ.მეორე დღეა, რაც აზოვსტალის ქარხანაზე, სადაც აზოვის პოლკისა და ეროვნული გვარდიის სამხედროები არიან გამაგრებული, რუსეთის შეიარაღებული ძალების შტურმი მიმდინარეობდა. აქამდე ისინი უკრაინელი სამხედროების დაცვის გარღვევას ვერ ახერხებდნენ. ქარხანაში შეჭრამდე ოკუპანტები ტერიტორიას ბომბავდნენ. 

ამასთან ერთად,უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, ოკუპანტების მიერ აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიის დაკავების მცდელობა წარუმატებლად მიმდინარეობს.

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია, სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები