ბორჯომი

ბორჯომში დააკავეს კაცი, რომელმაც ცოლი დაჭრა, სიდედრს კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა

ტაბულა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბორჯომში დააკავეს კაცი, რომელმაც ცოლი დაჭრა, სიდედრს კი სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. უწყების ცნობით, 1975 წელს დაბადებული გ.კ. წარსულში ნასამართლევია და პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება. 

შემთხვევა ბორჯომში 1-ელ მაისს მოხდა - კაცმა 40 წლამდე ქალს 16-მდე ჭრილობა მიაყენა. ქალი კლინიკაშია გადაყვანილი. 

"ბრალდებულმა მამაკაცმა მიმდინარე წლის 1-ელ მაისს, ბორჯომში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, სიდედრს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო მეუღლე - 1985 წელს დაბადებულ ვ.ა. ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა. დაშავებული ვ.ა. საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას შესაბამისი მკურნალობა უტარდება. სამართალდამცველებმა გ.კ. მომხდარიდან მალევე, ბრალდებულის სახით დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო". - წერია განცხადებაში.

შსს-ს ცნობით, ოჯახის წევრის მიმართ გენდერის ნიშნით დამამძიმებელ გარემოებაში განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის და ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრების მიმართ ჩადენილ ძალადობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 19-109-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, ასევე, 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

კომენტარები