მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

ბრეგაძე სააკაშვილზე: ომბუდსმენის კონსილიუმის დასკვნაზე კითხვები გვაქვს და პასუხს ველით

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის თქმით, პენიტენციურ სამსახურს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხზე ომბუდსმენის კონსილიუმის მომზადებულ დასკვნასთან დაკავშირებით "გარკვეული კითხვები" აქვს. ბრეგაძემ მთავრობის სხდომის შემდეგ აღნიშნა, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახური "არგუმენტირებულ პასუხებს" ელოდება. 

"ეს დასკვნა პენიტენციურ სამსახურს მიეწოდა 28 აპრილს დღის ბოლოს და პენიტენციურმა სამსახურმა მოახდინა მყისიერი რეაგირება. 30 აპრილს მიმართა პენიტენციურმა სამსახურმა სახალხო დამცველს და აღვნიშნეთ, რომ პენიტენციურ სამსახურს და მის სამედიცინო დეპარტამენტს აქვს გარკვეული კითხვები დასკვნასთან დაკავშირებით. იმისთვის, რომ მოხდეს გარკვეული დეტალების დაზუსტება და საჭიროების შემთხვევაში, სახალხო დამცველის მიერ შექმნილ ექსპერტთა ჯგუფის წევრებთან გასაუბრება.

მე აქ არ მისაუბრია ნდობასა თუ არნდობაზე, ამ დასკვნაში არსებობს გარკვეული მომენტები და სხვათაშორის, ეს დანართი არ არის საჯარო სახალხო დამცველის გადაწყვეტილებით და ჩვენ მივმართეთ რამდენიმე კითხვით სახალხო დამცველის აპარატს, რაზეც გვინდა პოზიციების დაზუსტება. ველოდებით პასუხს.

მას შემდეგ, რაც სპეციალური პენიტენციური სამსახური მიიღებს არგუმენტირებულ პასუხებს, გაანალიზებს, თუ საჭირო იქნება, რომ ჩატარდეს დამატებითი გასაუბრება ჯგუფის წევრებთან, მხოლოდ შემდეგ იქნება უკვე საუბარი შესაძლებელი იმ ღონისძიებებზე, რომელთა გატარება შესაძლოა, იყოს საჭირო.

რაც შეეხება ნდობის, თუ არნდობის საკითხებს, ეს არის სამედიცინო სფერო. მე არ ვარ პროფესიით ექიმი, არც ექიმის საქმიანობის ლიცენზია მაქვს და ბუნებრივია, ამ საკითხებზე ვერ ვისაუბრებ, თუმცა იქ არსებობს გარკვეული მომენტები, რაზეც უნდა გამახვილდეს ყურადღება" - ამბობს რატი ბრეგაძე.

სახალხო დამცველის მიერ ჩამოყალიბებული სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ცილოვანი შიმშილი აქვს. კონსილიუმის წევრის, ნევროლოგ თენგიზ წულაძის განმარტებით, იმ პირობებში, როცა მიხეილ სააკაშვილს საჭირო ცილები არ მიეწოდება, იგი საკუთარ ორგანიზმს შლის, რასაც დეპრესია ემატება და ანორექსიას იწვევს.

კომენტარები