რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

Gazprombank-ის ვიცეპრეზიდენტმა თანამდებობა დატოვა და უკრაინისთვის ბრძოლას გეგმავს

იგორ ვოლობუევი

გაზპრომბანკის ვიცეპრეზიდენტმა, იგორ ვოლობუევმა The Insider-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ მან რუსეთ-უკრაინის ომის გამო თანამდებლობა დატოვა და უკრაინის დასაცავად, კიევის ჯარში მოხალისედ წასვლას გეგმავს. 

"რუსეთში ვეღარ ვიქნებოდი. მე ეროვნებით უკრაინელი ვარ. დავიბადე ოხტირკაში. გარედან ვეღარ დავაკვირდებოდი იმას, თუ რას აკეთებს რუსეთი ჩემს სამშობლოში" - თქვა ვოლობუევმა.

The Insider-თან ინტერვიუში ვოლობუევი ამბობს, რომ კიევში ჩასვლა მაინც მოახერხა, მიუხედავად იმისა, რომ მას რუსეთის პასპორტი აქვს. ასევე, იგი ქვეყანაში დარჩენას "უკრაინის გამარჯვებამდე" აპირებს. 

"ჩემს სამშობლოს ახლა საფრთხე ემუქრება და მე არ შემიძლია უზრუნველყოფილი ცხოვრება მქონდეს, სანამ მამაჩემს, რომელიც ოხტირკაში ცხოვრობს - კლავენ, როცა ჩემს ნათესავებს, ნაცნობებს, მეგობრებს ხოცავენ".

ვოლობუევის თქმით, იგი გაზპრომბანკში 6 წელი მუშაობდა, მანამდე კი, 16 წლის მანძილზე - გაზპრომში. გაზპრობმანკის ყოფილმა ვიცეპრეზიდენტმა დასძინა, რომ 24 თებერვლის, ომის დაწყების დღიდან ფიქრობს უკრაინისთვის ბრძოლასა და უკრაინის ტერიტორიულ თავდაცვაში გაწევრიანებაზე. 

"ეს არის პუტინის დანაშაული, რუსეთს მთავრობის და ფაქტობრივად, რუსი ხალხის. რადგან პუტინი არ კლავს უკრაინელებს, პუტინი არ იპარავს უნიტაზებს. პუტინი არ აუპატიურებს ქალებს. ეს რუსი ხალხია.

ამიტომ, მე, ეროვნებით უკრაინელს, ამაზე პასუხისმგებლობაც მეკისრება. მე ამის მრცხვენია, ამას მთელი ცხოვრება ვინანებ, რადგან ორმაგი პასუხისმგებლობა მაქვს - მე არ ვარ მხოლოდ რუსი. მე აქ, უკრაინაში დავიბადე, 18 წელი ვიცხოვრე, სწორედ ამიტომ, ორმაგად და სამმაგად ვაგებ პასუხს". - ამბობს ვოლობუევი რუსი ოკუპანტების მიერ უკრაინაში ჩადენილ ომის დანაშაულებზე.

CNN გაზპრომბანკს ინფორმაციის დასადასტურებლად დაუკავშირდა.

კომენტარები