რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ლეიენი: ახლა პოლონეთი და ბულგარეთი გაზს ევროკავშირისგან იღებენ

Kenzo Tribouillard/AFP/Getty Images

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლეიენის თქმით, პოლონეთი და ბულგარეთი, რომლებსაც რუსეთმა გაზის მიწოდება შეუწყვიტა, ბუნებრივ აირს ევროკავშირის წევრი მეზობლებისგან იღებენ.

ფონ დერ ლეიენმა გაზის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას "კრემლის კიდევ ერთი პროვოკაცია" უწოდა და მოსკოვი ბუნებრივი აირის გამოყენებით ევროკავშირის შანტაჟში დაადანაშაულა.

"პირველ რიგში, ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ გაზპრომის გადაწყვეტილებამ უმცირესი შესაძლო გავლენა იქონიოს ევროპელ მომხმარებლებზე. დღეს წევრი ქვეყნები გაზის საკოორდინაციო ჯგუფის ფორმატში შეხვდნენ. პოლონეთმა და ბულგარეთმა მოგვაწოდეს ინფორმაცია არსებული სიტუაციის შესახებ. როგორც პოლონეთი, ასევე ბულგარეთი ახლა გაზს ევროკავშირს წევრი მეზობლებისგან იღებენ". – თქვა ლეიენმა.

რუსულმა ენერგოგიგანტმა, გაზპრომმა პოლონეთსა და ბულგარეთის გაზის მიწოდება 27 აპრილს შეუწყვიტა. მიზეზი ქვეყნების მიერ ბუნებრივი აირის საფასურის რუბლში გადახდაზე უარია. პოლონეთისა და ბულგარეთის მთავრობების ცნობით, მათ ბუნებრივი აირის საკმარისი რეზერვი აქვთ და ენერგომომარაგებას საფრთხე არ ემუქრება.

31 მარტს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა არამეგობრულ ქვეყნებთან ბუნებრივი აირით ვაჭრობის განკარგულებას, რომელიც გულისხმობს, რომ გარკვეულ ქვეყნებს გაზს რუბლში მიყიდიან.

თუ არამეგობრული ქვეყნები ბუნებრივი აირის რუბლებში შესყიდვაზე უარს იტყვიან, მათ გაზის მიწოდება შეუჩერდებათ. რუსეთმა არამეგობრული ქვეყნების სია უკრაინაში შეჭრის გამო მის მიმართ ახალი სანქციების დაწესების შემდეგ განაახლა.

კომენტარები