დავით ხიდაშელი

ხოშტარია: დავით ხიდაშელი რუსეთს სანქციების თავიდან არიდებაში ეხმარება

დროა

პარტია დროას ლიდერის, ელენე ხოშტარიას თქმით, ე.წ. კარტოგრაფების საქმის მთავარი მოწმე, დავით ხიდაშელი კრემლის დავალებების პირდაპირი შემსრულებელი და სანქცირებული რუსი ოლიგარქის, ვლადიმირ ევტუშენკოვის პარტნიორი გახლავთ. 

"ევტუშენკოვისა და ბიძინა ივანიშვილის საუბარი უტყუარად, პირდაპირ ადასტურებს ივანიშვილის კავშირებს კრემლთან. მინდა, მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომელიც კიდევ უფრო ამყარებს არგუმენტებს, რომ საქართველო გამოიყენება რუსეთისთვის სანქციების თავიდან ასარიდებლად. კერძოდ, ევტუშენკოვთან, რომელიც იყო რუსული სატელეკომუნიკაციო კომპანიის სისტემის ხელმძღვანელი, 2007-2014 წლებში მმართველობაში მუშაობდა დავით ხიდაშელი. ის იყო ევტუშენკოვის პარტნიორი და მის კომპანიას ხელმძღვანელობდა. ამის შემდეგ, ევტუშენკოვი ყიდულობს ბერძნულ კომპანია ინტრაკომს, რომელსაც ხიდაშელი ხელმძღვანელობს. სწორედ ეს კომპანია 2011-2012 წლებში სირიის სანქცირების შემდეგ, სანქციების თავიდან არიდების მიზნით, მათ აწვდიდა სანქცირებულ ტექნოლოგიებს, საკომუნიკაციო სისტემებს, კონკრეტულად კი იმ სატელეკომუნიკაციო საშუალებებს, რომლებიც ასადის რეჟიმს ხალხის ჟლეტვაში ეხმარებოდა. დავით ხიდაშელი არის კრემლის დავალებების პირდაპირი შემსრულებელი, კერძოდ სანქციების თავიდან არიდების საკითხებში. რუსული სამხედრო ოპერაციების დროს, დავით ხიდაშელი ევტუშენკოვისა და კრემლის მხრიდან გამოიყენებოდა მსგავსი საკითხებისთვის. ეს არის გამოძიება, რომელიც ბალკანელებმა ჩაატარეს და არის დადასტურებული. ვეცდებით, რომ ბიძინა ივანიშვილთან ერთად ეს კრემლისტური ჯგუფიც იყოს სანქცირებული". - თქვა ელენე ხოშტარიამ.

გავრცელებულ ჩანაწერში, სადაც ორ სხვადასხვა დროს შემდგარი სავარაუდო ლაპარაკია ნაჩვენები, სავარაუდოდ ივანიშვილი სავარაუდოდ ევტუშენკოვს ეუბნება, რომ "სიტუაცია არასახარბიელოა, მაგრამ გაძლებაა საჭირო, რას იზამ". ამის შემდეგ, სავარაუდოდ ევტუშენკოვი თანამოსაუბრეს ეუბნება, რომ რაღაცას "მანდ დავითი მოიტანს", რაც მისივე თქმით, ივანიშვილსაც დააინტერესებს და სხვებსაც.

მეორე ზარის შემდეგ, სავარაუდოდ ევტუშენკოვი სავარაუდოდ ივანიშვილს ეუბნება, რომ "ჩემი კაცი ჩამოვიდა, ალი, იცნობ შენ მას" და ეკითხება, რომ ბოლოს და ბოლოს შეუძლია შეხვდეს თუ არა, რაზეც თანამოსაუბრე პასუხობს, რომ ის მაშინვე პრემიერს გაუგზავნა.

კომენტარები