დავითგარეჯის საქმე

ხიდაშელის ჩვენება: ივანიშვილი თუ ბეჟან მაისურაძე? — ვინ სთხოვა ხიდაშელს რუკის მოძიება

ტაბულამ ბიზნესმენ დავით ხიდაშელის ჩვენება მოიპოვა, რომელიც მან პროკურატურას 25 აგვისტოს მისცა. სწორედ დავით ხიდაშელმა მოიძია და გადასცა სხვადასხვა სახის კარტოგრაფიული მასალა და რუკები საქართველოს სახელმწიფო უწყებებს. რუსთავი 2-თან ინტერვიუში დავით ხიდაშელი ამბობს, რომ რუკების მოძიება მას პირადად ბიძინა ივანიშვილმა სთხოვა, თუმცა ეს წინააღმდეგობაში მოდის ხიდაშელის ჩვენებასთან. 

"ივანიშვილმა 2019 წლის სექტემბერში დამირეკა, ჩემთვის შოკისმომგვრელი ინფორმაცია მომაწოდა, მაშინ მომიყვა, რომ პრობლემები შეიქმნა დავითგარეჯის მონასტერთან და საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან დაკავშირებით, მან მთხოვა დახმარება, მომეძია რაღაც რუკა". – ამბობს დავით ხიდაშელი.

ბიზნესმენი ასევე, იხსენებს, რომ ივანიშვილის რესურსებიდან გამომდინარე ამ თხოვნის გამო გაოცებულიც კი დარჩა. საყურადღებოა, რომ ინტერვიუსგან განსხვავებით ხიდაშელი ჩვენებაში საერთოდ არ ახსენებს ბიძინა ივანიშვილს ან მის თხოვნას. ჩვენებაში ხიდაშელი ამბობს, რომ მას რუკების მოძიება მისმა მეგობარმა ვინმე ბეჟან მაისურაძემ სთხოვა.

"მე დაკავებული ვარ კარტოგრაფიული საქმიანობით უკანასკნელი 20 წელია და მაქვს დიდი საარქივო მასალა. ამასთან, საზღვარგარეთ სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობის დროს ვიძიებ საარქივო მასალას და მაქვს საშუალება მოვიძიო კონკრეტული სახელმწიფოს შესაბამის დაწესებულებაში. ბეჟან მაისურაძემ მთხოვა დავმხმარებოდი მას და საქართველოსთვის ზემოთხსენებული პერიოდის რუკები მომეძიებინა და გადაცემა თავდაცვის სამინისტროსთვის". – ამბობს ხიდაშელი თავის ჩვენებაში. 

ამის საპირისპირო რამეს ამბობს ხიდაშელი გუშინდელ ინტერვიუში. მისი თქმით, მას შემდეგ რაც იგი დარწმუნდა, რომ ამ საკითხს ფინანსური რესურსების გარდა, დრო და ჩაძიება დაჭირდებოდა იგი თავად დაუკავშირდა ბეჟან მაისურაძეს. 

"მაშინ დავურეკე ღარიბაშვილს, მან მომცა თავდაცვის სამინისტროს კარტოგრაფიული სამსახურის ნომერი და მითხრა, რომ სამსახური დეტალურად მაცნობებდა თუ რა საბუთებს ეძებდნენ. ვინაიდან მე საქართველოში არ ვიმყოფებოდი ვთხოვე ამ ჩემს ამხანაგს, ბეჯან მაისურაძეს, რომ თუ შეძლებდა მისულიყო თავდაცვის სამინისტროში და დეტალურად გაეგო რა სჭირდებოდა თავდაცვის სამინისტროს". – ამბობს ხიდაშელი. 

ინტერვიუს მიხედვით, საქმეში მაისურაძე სწორედ ხიდაშელმა ჩართო და არა პირიქით როგორც ამას ჩვენებაში მიუთითებს ხიდაშელი. ამასთანავე, საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ ბეჟან მაისურაძე იგორ გიორგაძესთან ერთად საზოგადოებრივ ფონდ "Соотечественники-ს" [თანამემამულეები] დამფუძნებელია. 

იგორ გიორგაძე 1990-იანი წლების დასაწყისში საქართველოს უშიშროების მინისტრის პოსტს იკავებდა, სწორედ მას ედებოდა ბრალად მაშინდელ პრეზიდენტ, ედუარდ შევარდნაძეზე განხორციელებული ტერაქტის ორგანიზება 1995 წლის 29 აგვისტოს. გიორგაძე იმ დღესვე ვაზიანის რუსული სამხედრო ბაზიდან მოსკოვში გაფრინდა და საქართველოში აღარ ჩამოსულა. 

ფონდი, რომლის მიზანიც "ქართველ და რუს ხალხს შორის ისტორიული და სულიერი კავშირების გაძლიერება და აღორძინებაა" გიორგაძემ და მაისურაძემ მოსკოვში 2009 წელს დაარსეს. ბეჟან მაისურაძე საქართველოს პარლამენტის მანდატი მიიღო 2003 წლის ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების დროს, რომელიც შემდგომში ვარდების რევოლუციის შედეგად დაიშალა. ამის შემდეგ მაისურაძე საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა, სადაც 2004 წლიდან მუშაობს ქ. მოსკოვში "მოსინმშენის" N91 სამშენებლო სამმართველოს გენერალურ დირექტორად. 2013 წლიდან აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საპატიო აკადემიკოსად. 

ხიდაშელის ცნობით, მისთვის არ იყო ცნობილი, რომ მაისურაძე იგორ გიორგაძესთან დაახლოებული პირია და რომც ცოდნოდა ამას მნიშვნელობა არ ექნებოდა, რადგანაც მან ამ შემთხვევაში უბრალოდ თავის მეზობელს [ბეჟან მაისურაძეს] თავდაცვის სამინისტროდან რუკების წამოღება სთხოვა. ხიდაშელის თქმით, მაისურაძეს პროცესში მხოლოდ კურიერის როლი უნდა შეესრულებინა. 

ჩვენების მეორე ნაწილში ხიდაშელი უკვე რუკების მოძიების შემდგომ განვითარებული მოვლენების შესახებ საუბრობს. მისი თქმით, მან რუკების მოძიება რუსეთის შესაბამის სამსახურებში დაიწყო და ვინაიდან არ იყო რუსეთის მოქალაქე დასახმარებლად, იმ დროს მის თანამშრომელს ვინმე სერგეი ბრაგინს მიმართა. ხიდაშელი ინფორმაციით სწორედ ბრაგინმა გამოითხოვა მისთვის საჭირო ინფორმაცია რუსეთის სახელმწიფო უწყებიდან. 

თავის ჩვენებაში, ხიდაშელი იმეორებს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლის და სადელიმატაციო სადემარკაციო კომისიის წევრის, ნოდარ ხორბალაძის ლოგიკას. ხორბალაძეც და ხიდაშელიც ამბობენ, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სახელმძღვანელოდ მიჩნეული 1938 წელს გამოცემული 1:500 000-იანი მასშტაბის რუკა მხოლოდ 1:200 000-იანი რუკის საფუძველზე შეიძლებოდა შექმნილიყო, ხოლო ამ მასშტაბის რუკაში დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი მთლიანად საქართველოს ტერიტორიაზე ექცეოდა. 

აღნიშნულ მიდგომას უარყოფს საქმის ფარგლებში დაკითხული კიდევ ერთი პირი სადემარკაციო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, მალხაზ მიქელაძე, რომლის თქმითაც, აღნიშნულ 1:200 000-იანი რუკის ე.წ. ლეგენდას არ აქვს კავშირის 1938 წელს გამოცემულ 1: 500 000-იანი მასშტაბის რუკისსასაზღვრო ხაზებთან. 

დავით ხიდაშელი საკუთარ ჩვენებაში იხსენებს ივერი მელაშვილთან და ნატალია ილიჩოვასთან გამართულ შეხვედრასაც. ხიდაშელის თქმით, ივერი მელაშვილს ის ბეჟან მაისურაძესთან ერთად 2020 წლის 30 ივლისს კომისიის თავმჯდომარის, ლაშა დარსალიას მოწვევით შეხვდა. ხიდაშელის თქმით, მის მიერ დასმულ კითხვაზე მელაშვილმა პირდაპირ პასუხს თავი აარიდა და განაცხადა, რომ საზღვრის დადგენისთვის უმჯობესი იყო მსხვილმასშტაბიანი 1 :50 000-იანი რუკით ხელმძღვანელობა. 

რაც შეეხება შეხვედრას ნატალია ილიჩოვასთან, ხიდაშელი ამბობს, რომ შეხვედრას კვლავ ესწრებოდა ბეჟან მაისურაძე და ხოლო შეხვედრა მიმდინარე წლის პირველ აგვისტოს შედგა. როგორც ხიდაშელი წერს ილიჩოვასთვის დასმულ შეკითხვაზე თუ რატომ არ ხელმძღვანელოდბდნენ 1:200 000-იანი მასშტაბის რუკით, ილიჩოვამ განუცხადა, რომ აღნიშნული რუკები შეცდომი იყო შედგენილი და საზღვრის დადგენის პროცესში უფრო მსხვილმასშტაბიანი სხვა დროის რუკებით ხელმძღვანელობა ჯობდა.

"ნატალია ილიჩოვას საუბარში ეტყობოდა, რომ საკითხს საფუძვლიანად ფლობს და არის სათანადო სპეციალისტი. ისიც საუბარში კითხვებზე პირდაპირი პასუხის გაცემისგან თავს იკავებდა". – ამბობს ჩვენებაში ხიდაშელი. 

ხიდაშელი საკუთარ ჩვენებაში ამბობს, რომ მის მიერ 1938 და 1978 წლის რუკების დადარების ანალიზის შედეგად გამოიკვეთა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯაინს შორის სასაზღვრო ზოლის სხვაობა 16 164 ჰექტარს აღემატებოდა, ხოლო 1938 წლის და 2006 წლის დელიმიტაციის კომისიის დოკუმენტებით სხვაობა 8 601 ჰექტარს შეადგენდა. 

ჩვენების ბოლოს ხიდაშელი აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო საზღვრის გარკვეული მონაკვეთები კომისიების დონეზე შეთანხმებულია, ჯერაც არ არის შედგენილი და ხელმოწერილი საერთაშორისო ხელშეკრულება. რაც ხიდაშელის თქმით, საშუალებას აძლევს ქართულ მხარეს ხელახლა დააყენოს საკითხი, მათ შორის საზღვრის შეთანხმებული მონაკვეთების გადახედვაზეც. 

7 ოქტომბერს დააკავეს საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსი, ივერი მელაშვილი და წევრი, ნატალია ილიჩოვა. 

პროკურატურის ინფორმაციით, მათ ბრალად უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება ედებათ. პროკურატურა პატიმრობას მოითხოვს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ილიჩოვასა და მელაშვილს 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებში სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა საქართველოს სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.

პროკურატურა დაკავებულებს ედავება "რელევანტური დოკუმენტაციის იგნორირებას". საუბარია 1937-38 წლების ტოპოგრაფიულ რუკაზე, რომელსაც, პროკურატურის მიხედვით, ბრალდებულები კომისიის წევრებს უმალავდნენ, რათა ის არ გამოეყენებინათ საზღვრების დელიმიტაციის პროცესში.

დაკავებამდე ორი დღით ადრე ივერი მელაშვილი TV ფორმულას ეთერში განმარტავდა, რომ ხსენებული რუკის აზერბაიჯანული მხარისთვის წარდგენა საქართველოს სახელმწიფოს უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენებდა. ის ამბობდა, რომ 1938 წლის რუკა, რომელზე დაყრდნობითაც საქართველოს პროკურატურამ საქმე ააგო, კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებდა.

  

 

კომენტარები