დავით ხიდაშელი

ხიდაშელი: ათას სიმაიმუნეს მაბრალებენ, მთავრობას კანონით თავისი თავი ვერ დაუცვია, უსუსურია

ბიზნესმენი დავით ხიდაშელი საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს კვლევას ეხმაურება და ამბობს, რომ "ათას სიყალბეს და სიმაიმუნეს" აბრალებენ. მისივე სიტყვებით, საქართველოს მთავრობა "უსუსური და დაუცველია", რადგან კანონის ფარგლებში მოქმედებს და თავს ვერ იცავს. 

"საქართველოს კანონმდებლობა ისეა შექმნილი, რომ მთავრობა ნამდვილად უსუსური და დაუცველია. ის მოქმედებს კანონის ფარგლებში და ამ კანონით თავისი თავი ვერ დაუცვია. ვისაც რა უნდა იმას იტყვის, რასაც უნდა იმას ილაპარაკებს. მე მთავრობის არ მწყინს, უბრალოდ საქართველოს კანონმდებლობაა შესაცვლელი, რომ ადამიანმა თავისი თავი მაინც დაიცვას. მე როგორ დამიცავს, თავისი თავი ვერ დაუცვია და მაბრალებენ ათას სიყალბეს და სიმაიმუნეს?" - ამბობს ის ინტერპრესნიუსთან ინტერვიუში. 

მანამდე, მთავარმა არხმა გაავრცელა ხიდაშელის განცხადება, რომელშიც ქართულ ოცნებასა და ბიძინა ივანიშვილთან დაახლოვებული ბიზნესმენი წერს, რომ გამოსავალს "განზე გადგომაში" ხედავს - ხიდაშელის მტკიცებით, მის ოჯახს საკუთრებაში არსებული ქონების ნაწილის ტენდერის გზით გაყიდვა ურჩია, მათ შორის, რიყის დოქებისა და რაჭის ტყეების. 

გუშინ, 24 ნოემბერს TI-მ გოამოაქვეყნა განცხადება, რომ სახელმწიფომ რაჭაში 104 712 ჰექტარ ტყეზე სამონადირეო მეურნეობის მოწყობის 49 წლიანი ლიცენზია გასცა კომპანიაზე, რომლის საბოლოო ბენეფიციარი მესაკუთრეც რუსული კავშირების მქონე ბიზნესმენი დავით ხიდაშელია. მათივე ცნობით, ამ გარიგებით საქართველომ ფინანსური ზიანი მიიღო – რაჭის ტერიტორიის მესამედზე კერძო სამონადირეო მეურნეობის მოწყობისთვის ლიცენზიის გაცემის გამო აღარ არის შესაძლებელი შედარებით დიდი ზომის დაცული ტერიტორიის შექმნა, რაც მეტ შემოსავალს მოიტანდა. TI-ს დათვლით, ამ გზით, სახელმწიფო დაახლოებით 2 057 593 ლარის ($619 757) პირდაპირ შემოსავალს კარგავს.

"იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნულის მიზეზს შესაძლოა კორუფციული გარიგება ან გადაწყვეტილების მიმღებ მოხელეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება წარმოადგენდა, მოვუწოდებთ საქართველოს გენერალურ პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება და დაადგინოს, ხომ არ შეიცავდა რაჭის ტყის განკარგვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები დანაშაულის ნიშნებს". - წერს ორგანიზაცია.  

დავით ხიდაშელი არის ბიზნესმენი, რომელიც ე.წ. კარტოგრაფების საქმეში პროკურატურის მთავარი მოწმეა. მან ბიძინა ივანიშვილის დავალებით რუსეთში მოიძია საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის ამსახველი რუკა, რასაც მოჰყვა ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას დაკავება.  

კომენტარები