რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

საბრძოლო ვითარება უკრაინაში 25 აპრილისთვის – ომის კვლევის ინსტიტუტის ანგარიში

Institute for the Study of War-ის ბოლო ანგარიშის მიხედვით, ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთის სამხედრო ძალებმა ცენტრალურ და დასავლეთ უკრაინაში 5 სადგური დაბომბეს, რათა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდება შეზღუდონ. სარაკეტო თავდასხმების შედეგად ვინიცაში, პოლტავას, ხმელნიცკის და ჟიტომირის ოლქებში მნიშვნელოვანი სატრანსპორტო პუნქტები დაზიანდა. ასევე, რუსეთის "გაბრაზება" აშშ-ს თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ანტონი ბლინკენის კიევში მოულოდნელ ვიზიტს უკავშირდება. თუმცა, ოკუპანტების თავდასხმის შესაძლებლობები შეზღუდული დარჩება და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ომის მიმდინარეობაზე გადამწყვეტი გავლენა იქონიოს. კვლევითი ორგანიზაციის Bellingcat-ის ინფორმაციით, რუსეთმა, სავარაუდოდ, ფრთოსანი რაკეტების 70% უკვე გამოიყენა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინის სამხედრო ძალებმა ხერსონის ჩრდილოეთითა და იზიუმის დასავლეთით მდებარე ტერიტორიები დაიბრუნეს. ოკუპანტები აღმოსავლეთ უკრაინაში შეზღუდულ ტერიტორიულ წინსვლას განაგრძობენ. ამასთან ერთად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ხერსონის ოლქში უკრაინის სამხედრო ძალების კონტრშეტევები უფრო ფართო თავდასხმებში გადაიზარდოს.

  • ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთის სამხედრო ძალებმა მარიუპოლის აზოვსტალის ფოლადის ქარხანაზე სახმელეთო შეტევები განაახლეს. ოკუპანტების, სავარაუდოდ, აცნობიერებენ, რომ დასახულ მიზანს 9 მაისისთვის ვერ აღწევენ. 
  • ოკუპანტები მარიუპოლზე თავდასხმებს განაგრძობენ, თუმცა, სავარაუდოდ, უკრაინის ფართო წინააღმდეგობას დიდხანს ვერ გაუძლებენ.
  • აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის სამხედრო ძალებმა ტერიტორიულ წინსვლას ვერ მიაღწიეს.
  • იზიუმის გარშემო უკრაინის სამხედრო ძალების კონტრშეტევები რუსეთის მხრიდან ტერიტორიულ დაწინაურებას აფერხებს.
  • ბოლო 48 საათის განმავლობაში, მცირე დანაკარგების შემდეგ, ოკუპანტები ხერსონის ოლქის სრულად ასაღებად ემზადებიან.
  • 25 აპრილს მოლდოვის სეპარატისტულ რეგიონში, დნესტრისპირეთში, სადაც რუსეთის შეიარაღებული ძალების ნაწილები დგას, ქალაქ ტირასპოლში ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამინისტროს შენობას ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნიდან ესროლეს. უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, დნესტრისპირეთში მომხდარი ინციდენტი რუსეთის სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილი იყო.

დიდი ადამიანური დანაკარგის ფონზე რუსეთის სამხედრო ძალები, შესაძლოა, უკრაინის მოქალაქეების ომში გაწვევას გეგმავდნენ. უკრაინის სადაზვერვო სამმართველოს ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალები ოკუპირებულ ზაპოროჟიასა და ხერსონის ოლქებში ფსევდო-რეფერენდუმების გამართვას აპირებენ, რათა იძულებითი მობილიზაცია გამოაცხადონ და "მობილიზებული" უკრაინელები ფრონტის ყველაზე ცხელ წერტილებში გაუშვან. თუ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება, ეს რუსეთის სამხედრო ძალების წინააღმდეგ დამატებით პროტესტისა და პარტიზანული მოქმედებების გახშირებას გამოიწვევს. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები