რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

გერმანია წლის ბოლოსთვის რუსული ნავთობის, შემდეგ კი გაზის იმპორტირებას შეწყვეტს

ანალენა ბერბოკი

გერმანია წელს რუსული ნავთობის, შემდეგ კი ბუნებრივი აირის იმპორტირებასაც შეწყვეტს. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა ისაუბრა.

"ზაფხულისთვის ნავთობს გავანახევრებთ, წლის ბოლოს კი ნულს გაუტოლდება, შემდეგ ბუნებრივი აირიც მოყვება". – თქვა ბერბოკმა.

გერმანია ამჟამად რუსეთისგან საკუთარი ნავთობის ¼-ს და ბუნებრივი აირის 40%-ს იღებს. თუ მიწოდება მოულოდნელად შეწყდება, ქვეყანა, შესაძლოა, რეცესიის პირისპირ აღმოჩნდეს. 

ბერბოკის თქმით, გერმანია გაჰყვება "ევროპულ საგზაო გეგმას" რუსული გაზისა და ნავთობის იმპორტის ეტაპობრივ შეწყვეტასთან დაკავშირებით. ევროკავშირს რუსული ენერგორესურსებისგან დამოუკიდებლობის მიღწევა 2030 წლისთვის სურს.

"ჩვენი ერთობლივი გასვლა, ევროკავშირის სრული გასვლა ჩვენი საერთო ძალაა". – თქვა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა. 

გერმანიას ამ ეტაპისთვის შეჩერებული აქვს გაზსადენი ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის სერტიფიცირება.

უკრაინაში დაწყებული ომის შემდეგ, რუსული ნავთობის იმპორტი უკვე აკრძალა აშშ-მ, წლსი ბოლომდე, ამავეს აპირებს გაერთიანებული სამეფო.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

19 აპრილს რუსეთმა ომის ახალი ეტაპი წამოიწყო. როგორც უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, "დაიწყო ბრძოლა დონბასისთვის".

კომენტარები