რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთი აზოვსტალში გამაგრებულ აზოვის პოლკს დანებებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს

აზოვსტალის ქარხანა
УНИАН

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ აზოვსტალის ქარხანაში გამაგრებულ აზოვის პოლკისა და ეროვნული გვარდიის მებრძოლებს კიდევ ერთხელ მოუწოდა დანებებისკენ. სამინისტროს ცნობით, რუსული ჯარები ცეცხლს 20 აპრილის 11:00 საათიდან შეწყვეტენ მანამ, სანამ ულტიმატუმი ძალაში იქნება.

მარიუპოლი რუსულმა ჯარებმა ალყაში მოაქციეს, მაგრამ უკრაინის აზოვის ბატალიონი ჯერ კიდევ აზოვსტალის ქარხანას იცავს. 

რამდენიმე საათით ადრე, აზოვის პოლკის მეთაურის მოადგილემ, სვიატოსლავ პალამარმა რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ ქარხანა დაბომბეს და ის თითქმის მთლიანად განადგურებულია. მისი თქმით, ქარხანაზე მძიმე ბომბებს ყრიან, ნანგრევების ქვეშ კი ბევრი ადამიანია.

აქამდე, მსგავსი განცხადება რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დღეს დილით გაავრცელა, რომლის მიხედვითაც აზოვსტალში მყოფ მებრძოლებს დანებებისთვის 2 საათი მიეცათ, თუმცა, რუს სამხედროებს არცერთი უკრაინელი არ ჩაბარდა. 

რუსეთის არმია აცხადებს, რომ ისინი თითქმის სრულად აკონტროლებენ ქალაქს, მაგრამ უკრაინის მაღალჩინოსნების მტკიცებით, დარჩენილი უკრაინელი ჯარისკაცები მარიუპოლისთვის ბოლომდე იბრძოლებენ.

19 აპრილის დილიდან რუსმა ოკუპანტებმა და მათ მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა მარიუპოლში აზოვსტალის ქარხანაზე იერიში დაიწყეს. ოკუპანტები ბომბავენ ქარხნის ტერიტორიას, ასევე ლევობერეჟნის რაიონს, სადაც, უკრაინული მხარის ცნობით, მშვიდობიანი მოსახლეობა აფარებს თავს.

მარიუპოლის მერის მრჩეველი, პეტრო ანდრიუშჩენკო Telegram-არხზე წერს, რომ ლევობერეჟნის რაიონს ოკუპანტები ტანკებითა და არტილერიით ბომბავენ.

უკრაინის ოფიციალური პირების ვარაუდით, სიტუაცია მარიუპოლში გაცილებით უარესია იმასთან შედარებით, რაც მსოფლიომ ბუჩასა და კიევის მახლობლად სხვა ქალაქებსა და სოფლებში იხილა. 

რუსი ოკუპანტები უკრაინაში მშვიდობიან მოქალაქეებს ხოცავენ - მას შემდეგ, რაც უკრაინელებმა ბუჩა დაიბრუნეს, ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ სოფელში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს.  

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები