რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

აშშ, დიდი ბრიტანეთი და კანადა უკრაინას დამატებით მძიმე არტილერიას გადასცემენ

აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის გაძლიერებული თავდასხმების ფონზე, აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა და კანადის პრემიერ მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ პირობა დადეს, რომ უკრაინას დამატებით მძიმე არტილერიას გადასცემენ.

ჯო ბაიდენმა უკრაინის საკითხზე მოკავშირეებთან დაგეგმილი სატელეფონო საუბარი გამართა. იგი ესაუბრა ჯონსონს, ტრუდოს, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლეიენს, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცსა და NATO-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს, ასევე იტალიის, იაპონიის და პოლონეთის ლიდერებს.

საუბრის შემდეგ ბორის ჯონსონმა კანონმდებლებს უთხრა, რომ საარტილერიო მხარდაჭერა არის ის, რაც უკრაინას ახლა ყველაზე მეტად სჭირდება - დიდი ბრიტანეთი კი, მათ მძიმე არტილერიას გადასცემს. 

თეთრი სახლის პრესსპიკერმა, ჯენ ფსაკიმ Air Force One-თან აღნიშნა, რომ ლიდერებმა კიდევ ერთხელ განიხილეს უკრაინის უსაფრთხოებისა და ეკონომიკური დახმარების გეგმები. ასევე, ჯენ ფსაკის თქმით, აშშ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მორიგ პაკეტს ამზადებს. 

საფრანგეთის პრეზიდენტის მრჩეველმა თქვა, რომ მოკავშირეებმა განიხილეს ისიც, თუ როგორ უნდა უზრუნველყონ უკრაინის უსაფრთხოება ომის შემდეგ, თუ ის არ იქნება NATO-ს წევრი და შესაბამისად, ქვეყანაზე სამხედრო ალიანსის მე-5 მუხლი არ გავრცელდება. 

"ჩვენი ქვეყანა მზად არის, გახდეს უკრაინის უსაფრთხოების გარანტორი.

გარანტიები, რომელსაც უკრაინას ვთავაზობთ, NATO-ს მე-5 მუხლზე მეტად ევროკავშირის თავდაცვის პუნქტს ჰგავს". - ამბობს ერთ-ერთი ფრანგი მაღალჩინოსანი.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში სამხედრო აგრესიის პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

რუსი ოკუპანტები უკრაინაში მშვიდობიან მოქალაქეებს ხოცავენ - მას შემდეგ, რაც უკრაინელებმა ბუჩა დაიბრუნეს, ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ სოფელში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს

კომენტარები