რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ჯო ბაიდენი უკრაინის საკითხზე მოკავშირეებს გაესაუბრება, თუმცა კიევში ვიზიტს არ გეგმავს

Slawomir Kaminski / REUTERS

თეთრი სახლის ინფორმაციით, აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი უკრაინის საკითხზე მოკავშირეებთან სატელეფონო საუბარს გამართავს, თუმცა, ის კიევში ვიზიტს არ გეგმავს.

"ვირტუალური შეხვედრის დროს აშშ-ს პრეზიდენტი მოკავშირეებთან ერთად უკრაინის მხარდაჭერის საკითხს განიხილავს". - ნათქვამია განცხადებაში.

თეთრი სახლის სპიკერმა, ჯენ ფსაკიმ ასევე აღნიშნა, რომ აშშ კიევში საელჩოს ხელახლა გახსნას აპირებს, თუმცა კონკრეტული დროზე არ უსაუბრია.

ამასთან ერთად, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ CNN-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ მისი აზრით, აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი კიევს ეწვევა. 

"ვფიქრობ, ამას გააკეთებს. თუმცა, ეს მისი გადაწყვეტილებაა და ეს ასევე დამოკიდებულია უსაფრთხოების ზომებზე. მაგრამ, მე ვფიქრობ, რომ რადგან ის შეერთებული შტატების ლიდერია, ამიტომ უნდა ჩამოვიდეს აქ, ამ ყველაფრის სანახავად". - თქვა ზელენსკიმ, როდესაც ჰკითხეს, იცოდა თუ არა რაიმე აშშ-ს პრეზიდენტის სავარაუდო ვიზიტთან დაკავშირებით.

ჯო ბაიდენმა ჟურნალისტებთან თქვა, რომ აშშ მალე გადაწყვეტს, გაგზავნოს თუ არა უკრაინაში მაღალი თანამდებობის პირი, თუმცა Reuters-ი წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ადმინისტრაცია თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის, ან სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის გაგზავნას გეგმავს კიევში.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები